პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
,,მაღალ კლასებში სასკოლო სწავლების განახლება დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე''
შრომის ინსპექტირების სამსახურმა 3 000-მდე სკოლა შეამოწმა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლებში ეპიდემიური ხარისხის კონტროლი მაღალია.
„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. ზოგადად, სკოლების მზაობა მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3 000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ. ამდენად, ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში მაღალია.
აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყებისთვის დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე. შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე. მაღალ კალსებში სასკოლო სწავლების განახლება დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე. უნდა დავაკვირდეთ, ეპიდემიოლოგიური კუთხით რა ეფექტი ექნება მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლის განახლებას სკოლებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.