ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს შემდეგი სათაურით აქვეყნებს - ,,როცა შეზღუდვები ინტელექტს დასცინის ...''. როგორც ექიმი აღნიშნავს, აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება...ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც:
,,გონიერ ადამიანებში ამბოხის დაუძლეველი სურვილი განსაკუთრებით მაშინ იღვიძებს, როდესაც ბრძანების შესრულება მის ინტელექტუალურ შეურაცხყოფას იწვევს. გამონაკლისი არც კოვიდ-პანდემიის პერიოდი ყოფილა. მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური კასტის მიერ შემოღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელმა და სულელურმა შეზღუდვებმა არაერთი პასიური თუ აქტიური პროტესტი გამოიწვია. ეს შეზღუდვები მრავალი მიზეზით იყო გაპირობებული; ძირითადათ გაურკვევლობითა და ვირუსის ბუნების არასრულყოფილი ცოდნით; საკმაოდ ხშირად უბრალოდ პოლიტიკური კონიუნქტურით. ამ პროტესტების და ინსტიქტური ამბოხის გამო გონიერი ადამიანები ხშირად აბსოლუტურად უაზროდ იქცეოდნენ და იქცევიან, რაც საბოლოოდ ძალიან კონტრპროდუქტიული და უბრალოდ საშიშია.
ბოლოდროინდელი კომიკური გადაწყვეტილება ამერიკული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზეა, რომელმაც დახურულ სივრცეებში აცრილი ადამიანებისათვის ნიღაბის ტარების აუცილებლობა გააუქმა. გადაწყვეტილება იმდენად სულელური იყო, ახალი ადმინისტრაციის და სამედიცინო ხელმძღვანელობის მიმართ უკიდეგანოდ ლოიალური ადამიანებიც კი აღაშფოთა.
აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება, თუ ადამიანი მარტოა, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთადაა, ან მინიმუმ ორი მეტრითაა დაშორებული სხვა ადამიანებისაგან. ეს უკვე დამტკიცებულია როგორც ემპირიულად, ასევე მეცნიერულადაც. მსგავსი სულელური შეზღუდვა მართებულ პროტესტს იწვევს და შემდეგ ეს პროტესტი დახურულ სივრცეებზეც ვრცელდება, სადაც ნიღაბის ტარება გონივრული და სასურველია.
ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც, რომლის გახანგრძლივებულ გამოყენებას სასოწარკვეთილ სიბრაზემდე და დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი. თუ ხანმოკლე პერიოდისათვის კომენდანტის საათი ეფექტურია, უაზროდ გაგრძელებისას ძალიან კონტრპროდუქტიული ხდება, რადგან ადამიანები დაუღალავად ფიქრობენ გამოსავალზე და მონატრებულ ურთიერთობებს კონსპირაციულ პირობებში, ბევრად უფრო საშიშ გარემოებებში ახორციელებენ.
შეზღუდვები აუცილებლად უნდა ატარებდეს დინამიურ ხასიათს და მაქსიმალურად ლოგიკური უნდა იყოს, რათა საბოლოოდ უფრო მეტი ვნება არ გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი. თუ შეზღუდვები გახანგრძლივდა, ადამიანის გონება ავტომატურად იწყებს გამოსავალის მოძებნას და პოულობს კიდეც.
2020 წლის 12 დეკემბერს, ესპანეთში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც 18-დან 59 წლის ასაკის 960 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები ყოველგვარი სისტემის გარეშე გაჰყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი, 465 ადამიანი, დაესწრო 5-საათიან კონცერტს, რომელიც დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა; მეორე ჯგუფი კი, 495 ადამიანი, საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა და ისინი სახლში გაუშვეს. ყველა მონაწილე ექსპერიმენტამდე 12 საათით ადრე შემოწმებული იქნა კოვიდზე როგორც სწრაფი ანტიგენის ტესტით, ასევე PCR ტესტითაც, რათა ყალბი ნეგატიური შედეგი გამორიცხული ყოფილიყო. კონცერტზე ჩატარდა ტემპერატურული სკრინინგი და ყველა დამსწრე ატარებდა N95 ნიღაბს. დარბაზში არ იყო დაცული არავითარი სოციალური დისტანცია და მონაწილეებს უფლება ჰქონდათ ეცეკვათ და ემღერათ. დარბაზში 20 გრადუსი მუდმივი ტემპერატურა იყო და ყველა კარი ღია, ვენტილაციის გასაუმჯობესებლად.
კონცერტიდან 8 დღის შემდეგ მონაწილეებსა და საკონტროლო ჯგუფსაც ისევ ჩაუტარდათ ტესტირება. საკონტროლო ჯგუფის 2 მონაწილეს აღმოაჩნდა კოვიდი; ორივეს მსუბუქი ფორმით. კონცერტზე დამსწრეთა ექსპერიმენტულ ჯგუფში კი აბსოლუტურად არავის. ეს ექსპერიმენტი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ დახურულ სივრცეებში მასიური თავშეყრებიც შეიძლება აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. მსოფლიოს ძალიან გაუმართლა, რომ ოლიმპიადა წელს იაპონიაში იმართება და არა რომელიმე უდისციპლინო ქვეყანაში. დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არანაირ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას არ ექნება ადგილი.
შესაბამისი ეპიდემიოლოგიური დისციპლინის მიღწევა მხოლოდ ორი სახით არის შესაძლებელი, ხისტი ძალით, ან მაღალი სამოქალაქო შეგნებით. ძალისმიერი მეთოდები გარკვეული ხნის შემდეგ კონტრპროდუქტიულია; ცხადია თუ სასტიკ ავტორიტარულ რეჟიმთან არ გვაქვს საქმე; მაშინ როდესაც სამოქალაქო შეგნების ამაღლება პირიქით, სულ უფრო გაუმჯობესებულ დისციპლინას განაპირობებს, რადგან ადამიანები ნებაყოფლობით, შეგნებულად იცავენ წესრიგს.
იმედია, ქართული ეპიდემიოლოგიური სამსახურიც გაითვალისწინებს ამ მარტივ აქსიომას და არ მოსთხოვს ადამიანებს ღია სივრცეში, ზაფხულის პაპანაქებაში ნიღაბის ტარებას; ან დაუსრულებლად არ გააგრძელებს უკვე ძალადობაში გადასულ კომენდანტის საათს. სამაგიეროდ, სრული უფლება ექნება, მთელი სიმკაცრით მოითხოვოს გონივრული შეზღუდვები დახურულ სივრცეებში. გახსოვდეთ, ძალადობა ყოველთვის კონტრპროდუქტიულია, გამონაკლისის გარეშე. ნუ შეურაცხყოფთ ადამიანების ინტელექტს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს გამოსავალი საბოლოოდ ეპიდემიოლოგიური კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს - UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სკოლების გახსნას.
„სკოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის უნდა მოექცეს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკის მიმართ. სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე. ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს,“ - აღნიშნულია UNICEF-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება.
არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება.
იმავდროულად, არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. როდესაც ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დადიან სკოლაში, იზრდება ფიზიკური, ემოციური და სქესობრივი ძალადობის რისკი, უარესდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზრდება მათი დაუცველობა ბავშვთა შრომის საფრთხის მიმართ და ალბათობა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას სიღარიბისათვის. ყველაზე გარიყული ბაშვების სკოლის გარეშე ყოფნამ, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რომელთა მოქმედებაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს. ამასთანავე, არასათანადო განათლების მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაბალია.
სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე.
სკოლების გახსნის დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს სკოლების გახსნის დადებითი მხარეებისა და რისკების შეფასებას, მტკიცებულებებს, მათ შორის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს. სკოლებში უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებები, მოხდეს ადაპტაცია რისკების ან ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასა და მდგომარეობის ცვლილების შესახებ მიღებული ახალი ინფორმაციის შესაბამისად.
გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში. მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები:
სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის;
ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას;
სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება;
სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება;
გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ;
გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.
სკოლების გახსნისთანავე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის ჩართულობა სასწავლო პროცესში; თითოეულ ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლაში ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების მომსახურებით სარგებლობა; და თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე. გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა მოგვევლინოს ჩვენს სკოლებში უმნიშვნელოვანესი გარდაქმნის კატალიზატორად, რის შედეგადაც თითოეული ბავშვი შეძლებს იმ უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში, სკოლაში და შრომით ბაზარზე.