Baby Bag

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს, დღეს დაიწყო.

რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია:

1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;

4) დედმამიშვილები;

5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესს ამარტივებს. სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: kidsreg2020@gmail.com.

ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს

წაიკითხეთ სრულად