Baby Bag

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ტექნოლოგიები ხდება სასკოლო პროცესის ნაწილი

ტექნოლოგიები ხდება სასკოლო პროცესის ნაწილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად სასწავლო პროცესში ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა:

„ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეტიულობა. დღეს მართალც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომა დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვის მნიშვნელობასაც: „მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების WIFI-ით უზრუნველსაყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლიანად დავასრულებთ და ყველა სკოლა იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით.“

წაიკითხეთ სრულად