Baby Bag

სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს

სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს

სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ საქართველოს ​პირველ არხს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი სკოლების და ბაღების გახსნაა.

მისივე თქმით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„მომართვიანობა გაზრდილია. ოქტომბერ-ნოემბერში დღეში რამდენიმე ათეული პაციენტი თუ იყო, თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე პრაქტიკულად კვირები გადიოდა ისე, რომ საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ბოლო ხუთი დღეა მე პირადად ყოველდღიურად ორ-სამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. გუშინ მაგალითად, იყო ოთხი ახალი პაციენტი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია სკოლების და ბაღების გახსნამ. მე თავიდანვე ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა, სკოლები უნდა გახსნილიყო რეგულაციების დაცვით, თუმცა არა ბაღები. ჩემი აზრით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი მეტ-ნაკლებად უნდა გამკაცრდეს.

სასურველია ასევე, რომ მასწავლებლებმა და განათლების სფეროში დასაქმებულმა პირებმა დროულად დაიწყონ ვაქცინაცია.

ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა მესამე ტალღა და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ იხსნება სხვადასხვა დაწესებულება: რესტორნები, სადღესასწაულო ცენტრები, გასართობი სივრცეები, იქ ყველამ უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები, რაც საკმაოდ ძნელია. მოვდუნდით და ამან გამოიწვია, რომ დღეს პრაქტიკულად ქვეყანაში მესამე ტალღა გვაქვს. შემთხვევების რაოდენობა უცებ 1000-მდე ავარდა და თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ 5 000 გახდება“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მისივე თქმით, დაავადების გავრცელების ერთადერთი პრევენციული საშუალება ვაქცინაციაა.

„ერთადერთი პრევენციული საშუალება არის ვაქცინაცია. ვისაც აქვს შესაძლებლობა, ყველა უნდა დარეგისტრირდეს და აიცრას. არც ერთ ქვეყანაში არ ირჩევენ ვაქცინას, იკეთებენ იმ ვაქცინას, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ყველა ვაქცინას აქვს მაღალი დაცვის პროცენტი და ყველა იცავს დაავადების მძიმედ განვითარებისა და ფატალური შედეგისგან.

პანდემიის დასამარცხებლად სულ ცოტა 11 ათასი ადამიანი ყოველდღე უნდა ავცრათ და არა ისე, რომ 25 დღეში აიცრას ეს რაოდენობა. ქვეყანამ ცოტა რომ ამოისუნთქოს, ყოველ დღე სულ ცოტა 3 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ სრულად