Baby Bag

სიმსუქნე, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა... - პედიატრი ბავშვებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს

სიმსუქნე, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა... - პედიატრი ბავშვებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე მედიაცენტრ ​,,მთავარში'' გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებმა საგრძნობლად მოიმატეს წონაში, ახასიათებთ აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა:

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება ყოველდღე. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ, სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას. 

საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც არ არის დაკავშირებული სწავლასთან. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. 

პირველ რიგში, წამოვიდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. 

გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან.

აქედან გამომდინარე, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ. 

გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს ბავშვებში და უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია. 

მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წლებიც კი დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები. 

გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ავირიდებთ, რისი მაგალითიც გვაქვს. ვიცავთ ნორმებს და არ გვაქვს გრიპი, სხვა ნაწლავთა ვირუსული ინფექციები და ა.შ. “ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ გეჩვენებათ, რომ დღევანდელი პანდემიის დროს, მაშინ, როცა წამალი და ვაქცინა ჯერ არ სჩანს, ეს შეგონება, კვლავ აქტუალურია?!''

,,არ გეჩვენებათ, რომ დღევანდელი პანდემიის დროს, მაშინ, როცა წამალი და ვაქცინა ჯერ არ სჩანს, ეს შეგონება, კვლავ აქტუალურია?!''

პედიატრი თამარ ობგაიძე შავი ჭირის ექიმების უძველესი სიბრძნის შესახებ ​თავის ბლოგზე წერს​. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

,,შავი ჭირის ექიმების უძველესი სიბრძნე

იდგა მე-14 საუკუნის შუა წლები. თანამედროვე მონღოლეთის სტეპებიდან შავი ჭირი ბიზანტიისა და ყირიმის გავლით ევროპას ეწვია.

წარმოიდგინეთ, გაუთავებელი კონფლიქტებისაგან ისედაც არეული ევროპა, ამას დაამატეთ იმდროინდელი ჰიგიენის წესები და შავი სიკვდილის ეპიდემიაც დაიწყო.

ათასობით დაავადებულ ადამიანს სპეციალური განათლების ექიმები სჭირდებოდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სუბსპეციალობა მედიცინაში - შავი ჭირის ექიმი.

ოდესღაც შავი ჭირის ექიმი იყო ცნობილი წინასწარმეტყველი მიშელ ნოსტრადამუსიც.

რა შეეძლო შავი ჭირის ექიმს? ბევრი არაფერი - კანზე გაჩენილი ბუბონების მოჭრა ან მოწვა, სისხლის გამოშვება.

ნოსტრადამუსის რეკომენდაციები კი ამ ფონზე იმდროისათვის ყველაზე სწორი და სრულყოფილი იყო - სუფთა ჰაერი, სრულფასოვანი კვება, დაავადებულების იზოლაცია.

შავი ჭირის ექიმის ჯადოსნური კოსტიუმი

ექიმების ის შემაშინებელი შესამოსელი, კინოფილებსა და სურათებზე რომ გინახავთ , შავი ჭირის შემდგომი ეპიდემიის დროს,, მე-17 საუკუნეში ცნობილმა ფრანგმა ექიმმა შარლ დელორმმა შექმნა. 

პირველად ამ კოსტიუმით ექიმები ნეაპოლში გამოჩნდნენ. ექიმის კოტიუმი შესდგებოდა ცვილით გაპოხილი ტილოს მოსაცმელის, ქუდისა და ხელთათმანებისაგან, აუცილებელი ატრიბუტი იყო ნისკარტისებრი ნიღაბი.

მისი მთავარი დანიშნულება პაციენტისა და გვამების სუნისაგან და ინფექციისაგან მკურნალის დაცვა იყო - ნიღაბი ამოვსებული იყო სხვადასხვა სურნელოვანი ბალახით, რაც ექიმს ავადმყოფთა და გვამების სუნისაგან იცავდა.

აღჭურვილობაში შედიოდა ხელჯოხიც, რომელიც ავადმყოფებთან გარკვეული მაძილიდან შეხების საშუალებას აძლევდა შავი ჭირის ექიმს. ეს შესამოსელი ექიმსაც იცავდა და დაავადებაც უნდა შეეშინებინა.

შავი ჭირის ექიმების სიბრძნე

დაავადების საბოლოო დამარცხება კაცობრიობამ მხოლოდ ანტიბიოტიკების შექმნის შედმეგ, მე-20 საუკუნეში შესძლო. და მას შედმეგ შავ სიკვდილს ევროპის კონტინენტი აღარ დაუცარიელებია მოსახლეობისაგან.

მანამდე კი შავი ჭირის ექიმები ხანგძრლივი დაკვირვებით თავადვე მიხვდნენ - ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკა იზოლაცია იყო.

აი, მათი მთავარი სიბრძნე - დაავადების გავრცელებისას გაიქეცი დროულად, გაიქეცი შორს და დაბრუნდი გვიან!

არ გეჩვენებათ, რომ დღევანდელი პანდემიის დროს, მაშინ, როცა წამალი და ვაქცინა ჯერ არ სჩანს, ეს შეგონება, კვლავ აქტუალურია?!'' - აღნიშნავს თამარ ობგაიძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად