Baby Bag

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსის გავრცელების გამო იაპონიის სკოლებში სწავლა აპრილამდე გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების გამო იაპონიის სკოლებში სწავლა აპრილამდე გადაიდო

იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ბრძანებით, იაპონიის ყველა დაწყებით, არასრულ საშუალო და საშუალო სკოლაში სწავლის პროცესი აპრილის დასაწყისამდე გადაიდო. 

„გადაწყვეტილება ბავშვების ვირუსისგან დასაცავად მივიღეთ. ამ მხრივ მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით სახიფათოა, რის გამოც სწავლის გადადება მოგვიხდა,“ - აღნიშნული განცხადება შინზო აბემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

იაპონიის პრემიერის განცხადებით, მისთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული შეზღუდვები ბავშვთა დღის ცენტრებზე არ ვრცელდება. პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი განცხადების მიზეზი იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვის სწრაფი ზრდა გახდა. ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 200-მდე ვირუსის მატარებელი ადამიანია აღრიცხული, გარდა ამისა, იოკოჰამას პორტში საკრუიზო ხომალდზე დაინფიცირებული მგზავრების და ეკიპაჟის წევრების რიცხვი უკვე 700-ს უტოლდება.

ჰოკაიდოს 1600-მდე სკოლა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით დაიხურა. ჰოკაიდოს საგანმანათლებლო კოლეგიამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით მიმართა, რადგან აღნიშნულ რეგიონში ვირუსით დაინფიცირების 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ტოკიოში მდებარე ოჩანომიზუს უნივერსიტეტმა მისი სასკოლო ფილიალების დროებითი დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ოჩანომიზუს ერთ-ერთ სასკოლო ფილიალში იმპერატორ ნარუჰიტოს 13 წლის ძმისწული პრინცი ჰისაჰიტოც ირიცხება. სკოლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, სასწავლო პროცესის აღნიშნული ვადით შეწყვეტა იაპონიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

სკოლების უდიდესი ნაწილი დასაქმებულ მშობლებს გარკვეულ ვადას აძლევს, რათა მათ სამსახურიდან გათავისუფლება დროულად შეძლონ. დასაქმებული მშობლების დიდი ნაწილი აცნობიერებს, რა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული სკოლებიდან დროებით გათავისუფლებული ბავშვების მოვლა. მიუხედავად ამისა, ისინი თვლიან, რომ სამსახურის საქმეების გადადება ამ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან ვირუსის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაცია ჯერჯერობით არავის აქვს.

თითოეულ მასწავლებელს, რომელსაც ვირუსით დასნებოვნების საფრთხე ემუქრება, შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება. სკოლებში დეზინფექციის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ. 5 მარტს ჰოკაიდოს თითოეულ სკოლაში ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით სპეციალური სემინარი ჩატარდება, რათა მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულებები ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლისთვის მზად იყვნენ.

მუნიციპალიტეტები ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნებს ითვალისწინებენ, რის გამოც სკოლებში სწავლა დროებით გადაიდება. მთავრობის ინიციატივით, ვირუსის გავრცელების არეალში ბავშვთა დღის ცენტრებიც დაიხურება.

ჰოკაიდოს ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა 6 მარტამდე შეაჩერეს. ჰოკაიდოს ტერიტორიაზე კორონავირუსის დიაგნოზი დაწყებითი სკოლის 2 მოსწავლეს და სკოლის ავტობუსის მძღოლსაც დაუსვეს. 

მომზადებულია www.ja​pantimes.co.jp-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად