Baby Bag

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებისთვის სახიფათოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებისთვის სახიფათოა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით გაიმეორეს, რომ კორონავირუსი საფრთხეს ბავშვებსაც უქმნის. პატარები Covid-19-ით ისევე ინფიცირდებიან, როგორც ზრდასრულები, ამასთან ვირუსი მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

კოპენჰაგენში გამართულ ონლაინ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მტკიცება, თითქოს კორონავირუსით დაინფიცირება მხოლოდ ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, უდიდესი შეცდომაა. დაავადების მძიმე მიმდინარეობის უმთავრესი ინდიკატორი ასაკი არ არის.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

კორონავირუსის რთული ფორმა ძალიან ბევრ თინეიჯერს და ახალგაზრდა ადამიანს ჰქონდა. თითოეული მათგანი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებდა. რიგ შემთხვევებში კი ვირუსის რთულმა ფორმამ ახალგაზრდებსა და მოზარდებში ლეტალური შედეგებიც გამოიწვია.

ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 12 წლის გოგონა იყო, რომელიც Covid-19-მა ბელგიაში იმსხვერპლა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით 50 წლამდე გარდაცვლილ ადამიანთა 10-15 %-ს საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის ვირუსი ჰქონდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც კარგი ჯანმრთელობა აქვთ, კორონავირუსს წარმატებით უმკლავდებიან. მსოფლიო მასშტაბით კლინიკებს არაერთმა 100 წელს გადაცილებულმა ინფიცირებულმა მიმართა, თუმცა მათი ნაწილი დღეს სრულიად გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის თქმით, რეგიონში კორონავირუსის სულ 464, 859 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 30,098 ფატალურად დასრულდა.

ლეტალური შემთხვევების 80 %-ში ადამიანებს რაიმე სახის თანმდევი დაავადება ჰქონდათ, მათ შორის, ყველაზე ხშირი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იყო.

ჰიგიენის წესების დაცვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ახალგაზრდა ხართ, სიფრთხილის გამოჩენა მხოლოდ სხვების დასაცავად ან მათდამი ემპათიის გამოსავლენად არ გჭირდებათ, თქვენ საკუთარ სიცოცხლეზეც ზრუნავთ, რადგან ვირუსის მწვავე მიმდინარეობისა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებებისგან დაცული არავინაა.

მომზადებულია ​rte.ie-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად