Baby Bag

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი - გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება? - პრემიერის განცხადება

ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი - გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება?  - პრემიერის განცხადება

,,დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება,'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა:

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით. თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ, სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად