Baby Bag

პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევაა დადასტურებული

პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევაა დადასტურებული
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 17 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 201 368-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 169 282-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 953 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა - 228, იმერეთი - 489, ქვემო ქართლი - 229, შიდა ქართლი - 160, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი - 145, მცხეთა-მთიანეთი - 87, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 896, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში - 520, აჭარაში - 140, იმერეთში - 246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 50, იმერეთში - 62. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 135 - იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 248, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 545 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 811 პირი, აჭარაში - 7 492, იმერეთში - 6 268“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: როგორ ვთქვათ უარი ხელების სახესთან მიტანის მავნე ჩვევაზე?

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა: როგორ ვთქვათ უარი ხელების სახესთან მიტანის მავნე ჩვევაზე?
კორონავირუსის მასობრივმა გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ადამიანები სახეს ხელებით იმაზე ხშირად ვეხებით, ვიდრე საჭიროა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ აღნიშნულ ჩვევაზე უარის თქმა ვირუსის გავრცელების პრევენციაში ძალიან დაგვეხმარება.

2015 წელს სიდნეის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომავალი ექიმები ერთი საათის განმავლობაში სახეს ხელებით 23-ჯერ მაინც ეხებოდნენ. სტუდენტების უდიდესი ნაწილი რეგულარულად ეხებოდა ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს.

კორონავირუსმა მსოფლიოს მასტაბით უკვე 3500 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მიკრობით დაბინძურებული თითების ნესტოებთან, ტუჩებთან ან თვალებთან მიტანა ვირუსის გავრცელების რისკებს უკიდურესად ზრდის. რესპირატორული ვირუსები ორგანიზმში ლორწოვანი გარსის გავლით ხვდება, რის გამოც ცხვირი, თვალები და პირის ღრუ მიკრობებისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები სახეს ხელით რეგულარულად ეხებიან. აღნიშნულ ჩვევასთან გამოთხოვება კი იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეორგოლი, რომელშიც კალიფორნიის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი ოფიციალური გამოსვლის დროს სახეს რამდენჯერმე ეხება ხელით. აღნიშნულ გამოსვლაში კი ის საზოგადოებას მიმართავს და ურჩევს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებმა ხელების სახესთან მიტანისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას მიკრობებისა და ბაქტერიების პანიკური შიში აქვს. „უკვე რამდენიმე კვირაა სახეს ხელებით არ შევხებივარ და ეს ძალიან მომენატრა.“- განაცხადა ტრამპმა. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპია გამოსახული. პრეზიდენტი სახეს ხელით ეხება, რასაც ის, სავარაუდოდ, გაუცნობიერებლად აკეთებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო თეთრ სახლში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზეა გადაღებული.

ხელებით სახესთან კონტაქტის მავნე ჩვევა, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ყალიბდება. ადამიანები სახეს სხვადასხვა მიზეზით ეხებიან. კვლევებით დგინდება, რომ ხელის სახესთან მიტანა სტრესისა და დისკომფორტის დაძლევაში გვეხმარება. ადამიანების უდიდესი ნაწილი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ეხება სახეს, რასაც გაუცნობიერებლად აკეთებს. სტრესულ სიტუაციებში ხელით სახესთან კონტაქტის რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. ინტერნეტში სპეციალური ვებ-გვერდის მოძიებაც შეგიძლიათ, რომელიც ვებ-კამერის გამოყენებით გატყობინებთ, თუ რამდენჯერ შეეხეთ სახეს ხელით.

ხელების სახესთან მიტანის მავნე ჩვევის დაძლევას თუ ვერ ახერხებთ, არ იფიქროთ, რომ გამოსავალი არ არსებობს და ინფექციისგან თავის დაცვას ვერ შეძლებთ. მთავარია, კარგად აცნობიერებდეთ, რომ თქვენ ხელებით სახეს ხშირად ეხებით. უმჯობესია, თუ ყოველთვის თან ატარებთ სპეციალურ ხელსახოცს, რათა ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენის ან დაცემენის შემთხვევაში სახეს შიშველი ხელით არ შეეხოთ.

აუცილებელია ხელების სისუფთავის შენარჩუნებაზეც ზრუნვა. დღეში რამდენჯერმე ხელი თბილი წყლით და საპნით უნდა დაიბანოთ. თუ ხელების დაბანას ვერ ახერხებთ, დეზინფექციისთვის ისეთი სველი ხელსახოცი გამოიყენეთ, რომელსაც 60%-ზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს. დაცემინების, დახველების, ცხვირის მოწმენდის ან საჭირო ოთახით სარგებლობის შემდეგ აუცილებელია ხელების საპნითა და თბილი წყლით დაბანა.

ადამიანები ხელით ყოველდღიურად უამრავ მიკრობს ეხებიან. მობილური ტელეფონები, მანქანის გასაღები, კარის სახელური, ფული და სხვა ყოველდღიური ნივთები მიკრობების ყველაზე სახიფათო წყაროებს წარმოადგენს. ხელების სათანადოდ გასუფთავების გარეშე თითების სახესთან მიტანა ბაქტერიების და ვირუსების ორგანიზმში მოხვედრის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, რის გამოც, თავდაცვის მიზნით სიფრთხილის გამოჩენა თითოეული ადამიანისთვის აუცილებელია. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მომზადებულია ​cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად