დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად, ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
პრემიერის დავალებით, ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.
აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება.
აგრეთვე, მთავრობის მეთაურის დავალებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი, მათ შორის, პირბადის ტარება და გადაადგილების შეზღუდვა. აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 143 376 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 121 621 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1342 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1980 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3798 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6397 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„პანდემიის და ზოგადი სტრესის პირობებში შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს ასეთი ჩივილები,“ - კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი
კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია" პანდემიის პირობებში აქტუალურ კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, ადამიანებს პანდემიის დროს მომატებული სტრესის გამო ხშირად აღენიშნებათ ჰაერის უკმარისობა, გულის არეში ტკივილები, თუმცა ეს ყოველთვის გულის პრობლემებზე არ მიგვანიშნებს:
„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის და ზოგადი სტრესის პირობებში შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს ასეთი ჩივილები, გულის არეში ტკივილი და ჰაერის უკმარისობა, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ მისი გული დაავადებულია. პრობლემების გამოსარიცხად კარგი იქნებოდა, კვალიფიციური ექოკარდიოგრაფიის ჩატარება. თუ იქ ანატომიურად არანაირი ცვლილება არ არის, მაშინ სიმპტომურად შეიძლება რაიმე დაენიშნოს პაციენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ შეძენილი პათოლოგია არ გაქვთ.“
ზვიად ბახუტაშვილის თქმით, ჭარბი ალკოჰოლის მიღება საზიანოა, როგორც ჯანმრთელი გულის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვისაც, ვისაც ამ მხრივ პრობლემები აქვს:
„დალევის ამბავი იქნება კარგად, უბრალოდ რაოდენობის ამბავი ვერ იქნება კარგად. რა თქმა უნდა, ერთი ჭიქა ღვინის დალევა პრობლემა არ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ღვინოში უამრავი ბიოაქტიური ნივთიერება შედის და ძალიან სასარგებლოა. ძველი, ტრადიციული სმა, რომელიც ცოტა დამახინჯებულად ვიცოდით საქართველოში, სასარგებლო ვერ იქნება ვერც აბსოლუტურად ჯანმრთელი და ვერც სტენტირებიანი ადამიანისთვის.“
„ჩივილების 90 %, როდესაც პაციენტები აღნიშნავენ ჩხვლეტას, უფრო არის ოსტეოქონდროზით გამოწვეული და არ არის გულისმიერი. ასე კატეგორიულად მაინც ვერაფერს ვიტყვით. ეს ჩივილები დაკავშირებული არის მოძრაობასთან, მოსვენებასთან, ამით შეიძლება დიფერენცირება. თუ ჩხვლეტა დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან, აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს. თუ მოსვენების დროს არის ჩხვლეტა და პოზიციურად გადის, მაშინ ეს არის ოსტეოქონდროზი,“ - აღნიშნავს ზვიად ბახუტაშვილი.