Baby Bag

პედაგოგები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფი გახდა

პედაგოგები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფი გახდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 -2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფების ცლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პედაგოგები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფი გახდა:

,,გაცნობებთ, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;

შეხსენების მიზნით, კვლავ მოგაწვდით 2020–2021 წლის გრიპის სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალს, რომელიც განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების და ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები:
ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;
ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;
ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;
ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
ბ.ბ) ორსულები;
ბ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები) პედაგოგები;
ბ.დ) 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;
გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ - 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
გ.ა.ა.) ექიმები;
გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;
გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;
გ.ა.ე.) ბებიაქალები;
გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;
გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;
გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
გ.ბ.) ვეტერინარ იასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერ მების თანამშრომლები; გ)მონადირეები;
გ.ბ.დ.) ვეტერინარები;
გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;
გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პე რსონალი;
გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,
გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის და წესებულება,
გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნ ალო დაწესებულება.

ზემოთ განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების გარდა, ვაქცინაციას დაექვემდებაროს, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები).

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრები მიმდინარეობს სანოფი პასტერის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. მწარმოებრლი ქვეყანა არის საფრანგეთი. ვაქცინის სამარკო დასახელებაა ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. მისი თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობასთან. ვაქცინა არის ოთხ კომპონენტიანი.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​ჩემი პირველი მასწავლებელი

​ჩემი პირველი მასწავლებელი

ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით.

დედას რიტუალი
სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩანდა ორსართულიანი შენობა, რომელსაც უზარმაზარი ეზო და სათამაშო მოედანი ჰქონდა. სკოლის გვერდით მდინარე ჩამოდიოდა და სანამ ღობეს გაავლებდნენ, სათითაოდ გვდარაჯობდნენ ხოლმე მასწავლებლები პირველკლასელებს, ვაითუ, ნაპირს ზედმეტად მივახლოვებოდით.

​დედაჩემს ერთი რიტუალი ჰქონდა. პირველივე დღეს პირველი კლასის ყველა მოსწავლეს ხელს ჩაჰკიდებდა და სკოლის მთელ შემოგარენს შემოატარებდა. ეს შეცნობა იყო. დედა ფიქრობდა, რომ ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს უნდა შეჩვეოდნენ, სადაც წლების გატარება მოუწევდათ.
ამის შესახებ მე ცოტა მოგვიანებით გავიგე და დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთ პირველ დღეს სკოლაში სკოლის მოედანზე მოსეირნე დედა და პატარები შევნიშნე. უცნაურია, რომ მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, ჩემი „შეცნობა“ არ მემახსოვრებოდა, თუმცა მახსოვდა ის პირველი დღე, როდესაც სკოლაში ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ოთახის ნაწილი გავხდი.
ფერადი გეომეტრიული ფიგურები
ჩემი კლასი დედასთვისაც პირველი იყო. პირველი „პირველი კლასი“ და ალბათ სწორედ ამიტომ ვიყავით მისთვის განსაკუთრებულები, გამორჩეულები და საუკეთესოები. თვითონ ასე ამბობდა.
დედას პირველ „პირველ კლასში“ ერთი კარადა იდგა, ლამაზი, ნაცრისფერი ფარდებით. ეს კარადა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საჭირო რამეს ინახავდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ფერადი გეომეტრიული ფიგურები იყო, რომელთა დახმარებითაც დედამ მათემატიკა გვასწავლა. მე და ჩემს კლასელებს ყოველთვის გვემახსოვრება ის წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი და დედაჩემი, მუქი ყავისფერი დაფის წინ მდგომი, რომელსაც ჩვენთვის ციფრები გამოჰყავდა.
წლების შემდეგაც, როცა სკოლას ვსტუმრობ, საკუთარ კლასზე მეტად, სწორედ ამ ოთახის დანახვა მახარებს და იმ კარადის, ალბათ, მეათასეჯერ დათვალიერება, სადაც ისევ ისე ლამაზად და ფაქიზად უწყვია დედას ქაღალდის ყუთში წითელი წრე, მწვანე კვადრატი და ყვითელი სამკუთხედი.
პირველი გაკვეთილი პირველი მასწავლებლისგან
მახსოვს, ერთხელ კლასში ვიჩხუბე. ზამთარი იყო. გარეთ თეთრად ბარდნიდა. დიდ შესვენებაზე რაღაცაზე ნაწყენმა ჩემს კლასელს კალამი ვატაკე მუცელში. მან სამაგიერო ხელის კვრით გადამიხადა და მეც თავი ვერ შევიკავე, კედელს შევასკდი. ჩხუბს ჩემი მარჯვენა ყურის ნაწილი შეეწირა, თუმცა ამ ამბავს დედაჩემი დიდად არ აუღელვებია. სისხლი მდიოდა და მტკიოდა და მას მაინც ვუსმენდი, ქალს, მასწავლებელსა და ყველაზე ბოლოს, დედაჩემს, რომელიც მტკიცედ და მკაცრად მიმითითებდა ჩემი არასწორი საქციელისკენ. მაშინ იმ ფაქტმა, რომ დედასთვის სკოლაში არა შვილი, არამედ მისი მოსწავლე ვიყავი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ძალიან გამაბრაზა.
მერე ცხადი გახდა, რომ დედაჩემმა მაშინ თავისი პირველი, პერსონალური გაკვეთილი ჩამიტარა, ჯერ როგორც მოსწავლეს და შემდეგ, როგორც შვილს.
ტვირთის შესახებ
ცოტა ხნის წინ ერთმა კარგმა ადამიანმა ახალგაზრდა მასწავლებლებს გვითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, ყველანი ჩვენი ტვირთებით მოვდივართ, თუმცა ეს ტვირთი კლასის კარებთან უნდა დავტოვოთ და მოსწავლეებთან ცარიელი ზურგებით შევიდეთ, რადგან მათ ჩვენი ტვირთების ტარება არ ევალებათ.
ტვირთი დედასაც ჰქონდა, ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული. უჭირდა, მაგრამ ყოველი გაკვეთილის წინ სარკესთან იდგა და საკუთარ თავს უმეორებდა, რომ მასწავლებელი იყო და მოსწავლეებს სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ცხრა მოსწავლე მოთმინებით იცდიდა, სანამ კარი გაიღებოდა და კლასში შავი ტანსაცმლით და ჭაღარა თმით, მომღიმარი ახალგაზრდა ქალი შევიდოდა.
შემდეგ გაცილებით მარტივი იყო. მთავარი კლასის კარებთან იწყებოდა, თუმცა ბევრი სხვა მასწავლებლის მსგავსად, დედაც იხსნიდა თავის ტვირთს და ტოვებდა, ტოვებდა, რათა ცარიელი ზურგით შესულიყო პატარა ადამიანებთან.
ისევ დედას რიტუალი

დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს. სასწავლო წლის პირველ დღეს თავისი პირველკლასელები სასეირნოდ მიჰყავს. ეს შეცნობაა, რომლის დროსაც ნამტირალევი, დედებს მონატრებული პატარები უცხო გარემოს სწავლობენ და ეჩვევიან.
დედაჩემს ერთი რიტუალი აქვს, ერთი რიტუალი, უკვე მეოცე წელია. 

ავტორი: მარიამ გვარამია 

    წაიკითხეთ სრულად