კორონავირუსის დროს წამლების თვითნებურად მიღებაზე სოციალურ ქსელში ექიმი ლელა ჯღამაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. თვითნებურად ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! იწვევს დიარეას და შემდეგ გართულებებს. გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია.
ნუ მიიღებთ ასპირინს, კარდიომაგნილს და ქსარელტოს თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, მიიღებთ სავალალო შედეგს.
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს... თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით. მსგავსს უზნეო დარიგებას შეეწირა მერამდენე ადამიანი. მთელი ღამე სული ვერ ჩავუდგი, მე პირადად და სამ ხაზზე ვიბრძოდი ერთდროულად, დაინდეთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც.
დილის 11-დან საღამოს 7-საათამდე დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ - 568 332 036.
„არიან პაციენტები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც კოვიდის შემდეგ პირველად ემართებათ გართულებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ,“ - ნინო ჟვანია
კარდიოლოგმა ნინო ჟვანიამ კორონავირუსის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდ-19 ამ მხრივ ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსაც უქმნის პრობლემებს:
„ჩვენთან პაციენტები ძირითადად მოდიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებებით კოვიდის გამო. ეს არის საკმაოდ რთული გართულებები. გარდა იმისა, რომ ვისაც მანამდე ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არიან პაციენტები, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომელთაც პირველად ემართებათ გართულებები გულ-სისხლძარღვთა დაავადების მხრივ სწორედ კოვიდის შემდეგ. რა არის ეს გართულებები? ძალიან ხშირია მიოკარდიტი. პერიკარდიტები, სითხის ჩადგომა პერიკარდიუმის ღრუში, სამწუხაროდ, ესეც ხშირია. დადგინდა, რომ გულის მიოკარდიუმის შეკუმშვად კუნთს ურტყამს კოვიდის ვირუსი და ხდება ამ კუნთების გაგლეჯა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შემთხვევებშია. ასეთ შემთხვევაში მძიმე მიოკარდიტი და მძიმე გულის უკმარისობა ვითარდება.“
ნინო ჟვანიამ აღნიშნა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისგან ქალბატონები უფრო დაცულები არიან, ვიდრე მამაკაცები:
„ითვლება, რომ გულის დაავადებების უმეტესობა სიყვარულის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. ენერგეტიკული ურთიერთობა ყველაზე ძლიერად ითვლება. როდესაც ადამიანი პოზიტიური ენერგიით არის შენდამი განწყობილი და შენც ასე ხარ მისდამი, ეს ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. იაპონელების მიერ აღწერილია გაბზარული გულის სინდრომი. ეს ემართებათ ძირითადად ქალბატონებს, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, ახლობლები. ეს აღდგენას ექვემდებარება. ასეთი დაავადება არის აღწერილი და ცალსახად ეს არის მისი ეტიოლოგია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.