კორონავირუსის დროს წამლების თვითნებურად მიღებაზე სოციალურ ქსელში ექიმი ლელა ჯღამაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. თვითნებურად ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! იწვევს დიარეას და შემდეგ გართულებებს. გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია.
ნუ მიიღებთ ასპირინს, კარდიომაგნილს და ქსარელტოს თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, მიიღებთ სავალალო შედეგს.
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს... თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით. მსგავსს უზნეო დარიგებას შეეწირა მერამდენე ადამიანი. მთელი ღამე სული ვერ ჩავუდგი, მე პირადად და სამ ხაზზე ვიბრძოდი ერთდროულად, დაინდეთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც.
დილის 11-დან საღამოს 7-საათამდე დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ - 568 332 036.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.
„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.