Baby Bag

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს - უახლესი კვლევები

​​უახლესი კვლევებით დგინდება, რომ დედის რძე SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს შეიცავს. კორონავირუსისგან განკურნებული 15 მეძუძური დედის რძისგან აღებულ ნიმუშებში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიულობას ავლენდნენ. დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები, მეცნიერების აზრით, იმაზე მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, რძის დახმარებით დედებმა ჩვილებს იმუნიტეტი გადასცენ. „შეგიძლიათ თავი კომფორტულად იგრძნოთ, როდესაც ბავშვს ძუძუთი კვებავთ,“ - ასე დაამშვიდა კოვიდ-19-ით დაინფიცირებული დედები კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა,

ეპიდემიოლოგი კრისტინა ჩემბერსი აცხადებს, რომ დედის რძე რამდენიმე მკვლევარმა გამოიკვლია და თითოეულმა მათგანმა მასში SARS-CoV-2-ის რნმ-ი აღმოაჩინა, თუმცა ცოცხალი ვირუსი არცერთ მკლევარს არ აღმოუჩენია.

​მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოვიდ-19-ის ცილისადმი რეაქტიული ანტისხეულები განსაკუთრებით მაღალი იყო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ხოლო იმ ქალბატონების რძეში, რომლებსაც კოვიდის სიმპტომატიკა არ ჰქონიათ, მსგავსი ანტისხეულები ნაკლებად აღმოჩნდა.

The Sientist-ში აღნიშნულია, რომ დედის რძეში შემავალი კოვიდ-19-ის ანტისხეულები არამხოლოდ ჩვილ ბავშვებს დაიცავს ვირუსით დაინფიცირებისგან, არამედ, შესაძლოა, ისინი კოვიდ-19-ის სამკურნალოდაც გამოიყენონ. ​დედის რძეში აღმოჩენილი ანტისხეულები გარკვეული თვალსაზრისით განსხვავდება სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულებისგან. დედის რძეში არსებული სეკრეტორული ანტისხეულები გაცილებით ხანგრძლივად ძლებს, ვიდრე სისხლში აღმოჩენილი ანტისხეულები, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ლაქტაციის პერიოდში რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს დონორი ქალბატონებისგან ანტისხეულების შეგროვება.

დედის რძეზე ჩატარებული კვლევებიდან არცერთს არ დაუდგენია, რამდენად შეუძლია მასში აღმოჩენილ ანტისხეულებს SARS-CoV2-ის ნეიტრალიზება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევები მომავალშიც გაგრძელდება. კვლევების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ​დედის რძის პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია და ადამიანებმა გარკვეული ტაბუების გადალახვა უნდა შეძლონ, ვიდრე ამის აღიარებამდე მივლენ.მეცნიერები აქტიურად განიხილავენ დედის რძიდან ანტისხეულების მოპოვების საკითხს, რომლებსაც სამომავლოდ კოვიდ-19-ის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მომზადებულია ​the-scientist.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე...
​​ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:„თავიდან იყო მოსაზრება, რო...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, ზოგჯერ ვირუსს ე.წ. ,,მეორე სერია" აქვს შემონახული''

,,იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, ზოგჯერ ვირუსს ე.წ. ,,მეორე სერია" აქვს შემონახული''

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სოციალურ ქსელში კორონავირუსზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც კოვიდის შედარებით მსუბუქი ფორმა გადაიტანეს (ძირითადათ ახალგაზრდები და ჯანმრთელები), არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია და მალე მოიკეთეს, ზოგჯერ (საბედნიეროდ მეტნაკლებად იშვიათად) ვირუსს ე.წ. ,,მეორე სერია" აქვს შემონახული.

უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება; მეხსიერების და აზროვნების პრობლემები; კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები; უცნაურად აჩქარებული გულისცემის სიხშირე და ზოგჯერ არითმიები; გამონაყარის გაჩენა და გაქრობა სხეულის სხვადასხვა ადგილებში; ტკივილი გულის არეში; თავის ტკივილები; თავბრუსხვევა; არტერიული წნევის უცნაური „თამაში“; თმის ცვენა; ტემპერატურის უცნაური ცვლილებები, კერძოდ, ზოგჯერ სუბფებრილიტეტი, ზოგჯერ კი უჩვეულოდ დაბალი სიცხეები ( 35 -ის ფარგლებში) იშვიათად კი მაღალი სიცხეების მოულოდნელი შეტევები - ის სიმპტომებია, რომლებიც კოვიდის მწვავე ეტაპის ჩამთავრების შემდეგ კვირეებისა და ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება.

ეს კოვიდის მორიგი პარადოქსია. კლასიკურად, გახანგრძლივებული სიმპტომატიკა დაავადების მძიმე ფორმების გადამტან პაციენტებს ახასიათებთ. ეს ბუნებრივიცაა. რაც უფრო მძიმეა დაავადება, მით უფრო მასიურია ორგანიზმის სხვადასხვა უბნის დაზიანება და შესაბამისად, მათ აღდგენას უფრო დიდი დრო სჭირდება. კოვიდთან კი ყველაფერი პირიქითაა. ამჟამად არსებული ჰიპოთეზებიდან ყველაზე პოპულარული და ლოგიკურია იმუნური სისტემის გახანგრძლივებული აქტივობის შენარჩუნება, ანთებითი პროცესების გახანგრძლივებასთან ერთად.

ფრანკფურტის უნივერსიტეტის კლინიკაში ჩატარებული კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კოვიდგადატანილ, ახალგაზრდა, კარგად ნავარჯიშევ ადამიანებში, 100 გამოკვლეულიდან 78-ს აღენიშნებოდა გულის სხვადასხვა პრობლემები, და 60-ს კი მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესი. (ეს ნაშრომი JAMA-ში გამოქვეყნდა ივლისში).

როგორც ფიქრობენ, ნერვული სისტემის ფუნქციების მოშლილობა ე.წ. დისავტონომიით, ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევებითაა გაპირობებული. მოგეხსენებათ, ეს სისტემა აკონტროლებს სუნთქვასაც, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსაც და გულისცემის სიხშირესაც.

თავად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება არის პასუხისმგებელი ე.წ. „გონების დაბინდვასთან“, გემოსა და ყნოსვის გაქრობა-დაქვეითებასთან.

ზოგჯერ სუნთქვის პრობლემები პნევმონიის სრული ალაგების შემდეგაც გვხვდება; კერძოდ სუნთქვის უკმარისობა, ასთმის მსგავსი შეტევები. მიზეზი არავინ იცის ჯერჯერობით ზუსტად. დიდი ალბათობით ესეც ნერვული სისტემის ანთებით მოშლილობას უფრო უკავშირდება, ვიდრე თავად ფილტვის ქსოვილის დაზიანებას.

კოვიდი ნაწლავების ბაქტერიული ფლორის ცვლილებასაც იწვევს. ამიტომ, ზოგ პაციენტებში დიდხანს გრძელდება მუცლის ტკივილები, დიარეა, შებერილობა.

თეორიები და ჰიპოთეზები საკმაოდ ბევრია. შესაძლოა ეს სიმპტომები გამოწვეული იყოს ე.წ. ციტოკინური შტორმის დროს იმუნური სისტემის მიერ განვითარებული მძლავრი რეაქციით; შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის სხეულში ვირუსი რჩება შეუმჩნეველი რეზერვუარების სახით (ინფექციური პოტენციალის მქონეც და გაუვნებლებულიც) და დროდადრო იწვევს იმუნური სისტემის გააქტივებას. არის მოსაზრებაც, რომ ეს ყველაფერი აუტოიმუნური პროცესის ბრალია და თავად დაბნეული იმუნური სისტემა უტევს საკუთარ სხეულს. ვინ იცის.

რეალურ, ორგანულ პრობლემებს ლოგიკურად თან ერთვის ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რომლებიც ბუნებრივია ნებისმიერი ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესისათვის; და თავად პანდემიური დეპრესიით გამოწვეული მელანქოლიაც.

დიდი ალბათობით ორგანიზმი მოახერხებს დარღვეული ბალანსის აღდგენას. ამას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კარდიალური სიმპტომები აწუხებთ. ახალგაზრდები ცხადია მოუთმენლად ელიან ჩვეული, რუტინად ქცეული, აქტიური ვარჯიშის განახლებას, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ სანამ სიმპტომებს შეიგრძნობენ, მანამ მათი გულის კუნთის უჯრედებში ანთებითი პროცესები მიმდინარეობს და ამიტომ ფიზიკური დატვირთვის აღდგენა ფრთხილად და ზომიერად უნდა მოხდეს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების მქონეთ გასტროენტეროლოგები დაეხმარებიან ნაწლავის ფლორის აღდგენასა და შესაბამისი დიეტის შერჩევაში.

თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ფსიქოლოგებიც.

„ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი“ ალბათ კიდევ ერთი მკვეთრი არგუმენტია ვაქცინაციის სასარგებლოდ. კოვიდი არ არის გრიპი. ძალიან კომპლექსური ვირუსია. აქამდე არნახული კომპლექსური ზემოქმედებით ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემაზე. ალბათ წლები დასჭირდება ყველა მისი სივერაგის ბოლომდე გაშიფვრას. მანამ კი სჯობს რომ თავიდან ავიცილოთ, თუკი შევძლებთ.

P.S. აღსანიშნავია ,,გრძელი კოვიდის სინდრომი" პედიატრიულ პოპულაციაშიც, ბავშვებში. ძირითადათ აღინიშნება მაღალი სიცხეები, მიოკარდიტები, ენდოკარდიტები, პლევრიტები, უცნაური გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში; აუტოიმუნური პროცესები,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.

წაიკითხეთ სრულად