ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ
„თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:
„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.