ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქ იწყება,“ - ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე
ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე სახლში მყოფ ადამიანებს, რომლებიც კოვიდ-19-ის დამარცხებას ცდილობენ, საინტერესო რჩევებს აძლევს. მისი თქმით საზოგადოებაში პანიკა მატულობს, რაც უნდა გადავლახოთ:
„პანიკა იმატებს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ამ დაავადებას თრომბოემბოლიის რისკი ახასიათებს. თრომბოემბოლიის რისკი სხვა ვირუსულ ინფექციებსაც ახასიათებს. ღორის გრიპის აფეთქების დროსაც იქნა ნანახი თრომბოემბოლიის დონის მატება. ამაზე ნუ დავპანიკდებით. მართალია, ეს ძალიან საშიში გართულებაა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველაში იყოს, პირიქით, მცირე ნაწილში ვითარდება. ჩვენ გადავიტანეთ ღორის გრიპის ეპიდემია და ამ პანდემიის გადალახვაც მოგვიწევს. სახლში დარჩენილი ადამიანი ხშირად იბნევა, ვარდება პანიკაში. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ მაინც დამშვიდებისთვის კარგია. სახლში ყოფნისას ხშირად გავანიავოთ ოთახი, რომ ჟანგბადი მივაწოდოთ ფილტვებს. სითხე უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით კარგი იქნება ლიმონიანი ჩაი. თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, როგორ უნდა იმოძრაოს ბინის პირობებში. მთავარი არის ფეხების მოძრაობა, ფეხები უნდა ამოძრაოს ადამიანმა, ბუქნები გააკეთოს. ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქიდან იწყება.“
ეკატერინე ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ თრომბის განვითარებას წინმსწრები სიმპტომატიკა ყოველთვის არ აქვს, თუმცა ის წამიერად არ ვითარდება:
„შეიძლება თრომბი ისე განვითარდეს, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ. ორგანიზმში ის, რა თქმა უნდა, არ ვითარდება წამებში. ეს პროცესი მიდის, იწყება კასკადი, წარმოიქმნება თრომბი, განსაკუთრებით ხშირად ქვედა კიდურის ვენებში, შემდეგ იშლება, ისევ წარმოიქმნება. დაშლილი თრომბის ნაწილები თუ გაიჭედა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოში, იქ ხდება პრობლემა. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ორგანო ჩერდება. ეს იწვევს იმ მძიმე შედეგს. ზოგჯერ შეიძლება ამის გამოვლენა საერთოდ არ იყოს. თუ ქვედა კიდურებშია თრომბის პრობლემა, შეიძლება მოხდეს კიდურის შესიება. სისხლის შედედებას დაბუჟებაც ახასიათებს, მაგრამ დაბუჟება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს. თუ ადამიანს ოდნავ ხელი დაუბუჟდა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს აუცილებლად თრომბოემბოლიის რისკია. ეს ძალიან იშვიათად ხდება. უსიმპტომო პაციენტებში თრომბოემბოლია ძალიან იშვიათია. თრომბოემბოლია ძირითადად ვითარდება კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების დროს. როდესაც ეს ხდება მთელი კასკადი ვითარდება, რასაც თან ახლავს სიმპტომები, არის ცხელება. ძალიან იშვიათია, რომ უსიმპტომო პაციენტში ეს პროცესი მიდიოდეს.“
„იდეალური იქნებოდა, რომ ყველას ჰქონდეს ტესტირების შესაძლებლობა. თუ ეს ვერ ხერხდება, ნუ დავპანიკდებით. სიცხე არ ნიშნავს, რომ კოვიდ-19 მძიმედ მიმდინარეობს. ყელის ტკივილიც ვირუსით გამოწვეული პატარა ცვლილება და რესპირატორული დარღვევაა. ხშირად ეს ვირუსული ინფექცია მხოლოდ ამით შემოიფარგლება. თუ პაციენტს აქვს მხოლოდ სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, ეს არ ნიშნავს, რომ რამე ცუდი ხდება. ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია დაავადების. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვა. თუ არის ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში, ხედავთ, რომ ტუჩებმა ან კანმა ფერი შეიცვალა, ეს არის სიგნალი, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ექიმს. ზოგჯერ არის პანიკის ფონზე სუნთქვის უკმარისობა. მაინც უნდა ჩავაყენოთ ამ დროს ოჯახის ექიმი საქმის კურსში,“ - აცხადებს ეკატერინე ქარქაშაძე.