ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ, მის მიმართვას უცვლელად:
,,მეგობრებო!
ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:
1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.
2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:
მუდმივად ატარეთ პირბადე!!
მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები,
გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ცხვირის ლორწოვანი უნდა იყოს სველი, ეს არის აპრიორი. სიმშრალესთან საბრძოლველად ხშირად უნდა დავიტენიანოთ ცხვირი,“ - ქეთევან გოცაძე
ოტორინოლარინგოლოგმა ქეთევან გოცაძემ მოსახლეობას ცხვირის ლორწოვანის დატენიანებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საყოფაცხოვრებო პირობების გამო ცხვირის ლორწოვანი გამომშრალია, რაც ადგილობრივ იმუნიტეტს ასუსტებს:
„ყნოსვისა და ნერვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან კარგად მუშაობს B ჯგუფის ვიტამინები. ამიტომ შეგიძლიათ B ვიტამინის შემცველი პროდუქტები მიიღოთ, რომ თუ ნერვია ჩათრეული, ყნოსვის აღდგენა დაჩქარდეს. პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვანი თავად გამოიმუშავებს ანტიბაქტერიულ და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს. დღეს საყოფაცხოვრებო პირობების და გარემოს გამო ჩვენი ცხვირის ლორწოვანი ვერ არის სველი. ეს უნდა შევძლოთ. პირველ რიგში, ჩვენი ადგილობრივი იმუნიტეტი, რომელიც გარკვეული დოზით კორონავირუსსაც ებრძვის, უნდა გავაძლიეროთ. ცხვირის ლორწოვანი უნდა იყოს სველი, ეს არის აპრიორი. სიმშრალესთან საბრძოლველად ხშირად უნდა დავიტენიანოთ ცხვირი. ძალიან ბევრი ცხვირის სპრეი იყიდება. ფარმაცევტულ ბაზარზე ნაირფერი ზღვის წყლის სპრეები იყიდება, რომლებიც შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ.“
ქეთევან გოცაძის თქმით, ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობაზე რეკომენდაციის გაცემა მედიკოსებს არ შეუძლიათ, რადგან აღნიშნული საკითხი ჯერ შესწავლილი არ არის:
„ხშირად მოგვიწოდებენ, რომ ნიორი ვიხმაროთ, პერეკისი გამოვიყენოთ და ა.შ. სოციალურ ქსელში მედიცინამ რაიმე რეკომენდაცია რომ დადოს, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ექიმები ასეთ რეკომენდაციებს ვერ ვიძლევით. იაპონიაში ჩატარდა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია, ხურმის წვენში შემავალი ნივთიერება ორგანიზმის გარეთ დაინფიცირებულ ნერწყვზე რომ დავასხათ, დიდი რაოდენობით კორონავირუსს ანადგურებს. იაპონიაში მუშაობენ, რომ საღეჭი რეზინები შექმნან ხურმის წვენის შემცველობით. მიუხედავად ამისა, ეს არ იძლევა ჩვენი მოსახლეობისთვის რეკომენდაციას.“
ქეთევან გოცაძემ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ახალმა სიმპტომმაც იჩინა თავი და პაციენტების გარკვეულ ნაწილს ყურის ტკივილი აწუხებს:
„ენის დვრილებზე არის გემოვნების რეცეპტორები. დვრილებზე სისხლჩაქცევების გაჩენა ახანგრძლივებს გემოს აღდგენის პროცესს. როდესაც სისხლჩაქცევები გაიწოვება, გემოვნებაც აღდგება. ახლა წამოვიდა ყურის ტკივილები და ყურში გაგუდვის შეგრძნებები, რაც ადრე არ იყო. თუ კოვიდი რინიტით მიდის, ცხვირის გაჭედვა რაღაც დოზით აისახება ყურის პრობლემებზე. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რა ხდება ამ დროს ყურში. შესაძლოა, ყელიდან გადაეცემა ტკივილი ყურს. ამ ყველაფერს დაჯამება სჭირდება.“
„ახლა წამოვიდა უნდობლობა ექიმების მიმართ. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სწამდეს ექიმების. შეუძლებელია განიკურნო, თუ არ იწამე ექიმის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთევან გოცაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“ ისაუბრა.