Baby Bag

ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც

ეს დახმარების კარგი პაკეტია და გაგრძელდება 2021 წელსაც
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კარგი პროგრამაა და იგი შეტანილია მომავალი წლის ბიუჯეტის საკომპენსაციო პაკეტებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დახმარების აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, ფარავს ყველა მიზნობრივ ჯგუფს, ამავე დროს, როგორც მიმდინარე წელს, ჩადებულია მექანიზმი, რომ ვისაც მსგავსი დახმარება არ სჭირდება, შეუძლია განაცხადით დააფიქსიროს ეს და ამ შემთხვევაში მათი კომუნალური ხარჯები არ ანაზღაურდება.

„პროგრამა დაიწყო ნოემბრიდან და ჯამში ფარავს ოთხ თვეს: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს პროგრამა იქნება საკომპენსაციო პაკეტებში,“ - აღნიშნა მან.

სხვა სოციალურ და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში მიეწოდება საზოგადოებას.

„ამჟამად, ვმუშაობთ დახმარების მეოთხე ფაზაზე. როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელსაც საკმაოდ ფრთხილად და ღრმა ანალიზის შედეგად ვიღებდით გადაწყვეტილებებს თუ რა პროგრამა უნდა შემოგვეღო, რადგან რესურსებიდან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიუჯეტისთვის. შეგიძლიათ გადახედოთ და გაიხსენოთ, რა მოცულობის თანხებზე იყო ჯამში საუბარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნობრიობა და მინიმალური დანაკარგი. ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არის პროგრამა, რაღაც ტიპის დანაკარგი რომ არ ახლდეს. შესაბამისად, ჩვენ დაგვიგროვდა გამოცდილება და არსებული პაკეტებიდან შევარჩევთ ისეთს, რომელმაც ყველაზე უფრო ეფექტურად იმუშავა. ამ პაკეტებს განახლებულ ბიუჯეტში უახლოეს მომავალში იხილავთ. პრაქტიკულად, გვაქვს მონახაზი, თუმცა ბოლო მომენტანდე ვიტოვებთ იმის თავისუფლებას რომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ - ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის ამაღელვებელი წერილი

„ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ - ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის ამაღელვებელი წერილი

ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში ლაბორატორიაში მუშაობის ერთ დღეს აღწერს. გთავაზობთ მის ამაღელვებელი წერილს სიტყვა-სიტყვით:

„დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია.

დილის 11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს. მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70... 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს - შენ არ გშია ან არ გწყურიაო? თან ყველაფერი უნდა გაიხადო და შემოსვლისას ისევ მოემზადო, ჩაიცვა და შემოხვიდე პროცედურულად იმხელა ამბავია, აღარ დგება.

როგორც იქნა გავუშვით პირველი რეაქცია, 94 ნიმუში, შესვენებაზე გავდივართ. კართან ჟურნალისტი გვეღობება, შეიძლება გადაგიღოთ როგორ ისვენებთო, ცოტა უხეშად იშორებ უარით, მერე ხვდები რომ ეს სიუხეშე დაღლილობის ბრალია და გაღიზიანება კი ალბათ მოკერებული გმირობის იარლიყიდან მოდის , არადა ეს უბრალოდ ჩვენივე არჩეული გზაა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა!

ღამის 10 საათია უკვე 310 ნიმუშია გაკეთებული და კიდევ 75 მოვიდა, შესვლამდე ხმალიკა დედას ურეკავს, მისმა 3 წლის მაშომ თუ დაიძინა და როგორ ჭამა აინტერესებს, ჩვენ დედები გვირეკავენ, გვეეკითხებიან როდის დავბრუნდებით და თუ ვჭამეთ (ჰო მართლა, საკვები სულ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, კეთილი თანამშრომლების და ხანაც უცნობი გულშემატკივრების წყალობით.)

შედეგებს ვნახულობთ 17 დადებითია, ავნერვიულდით გადავამოწმეთ და ყველა განმეორებაა ანუ ჰოსპიტალიდან გასაწერად ვუმოწმებთ პაციენტს ვირუსის არსებობას, ანუ ახალი შემთხვევა ჯერჯერობით ამ პარტიაში არ არის, ამ დროს გვაქვს სიხარულის შეძახილი თუ სიმღერა, რომლითაც ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ძალიან მაგარ ამბავს.

11 საათია ჩვენ მეგობარ ეპიდემიოლოგებთან ვრეკავთ ჩვენზე ყოჩაღებთან - გორი მოგვაქვს, ბოლნისი გზაშია, მარნეულს ნახევარ საათში შემოიტანენ, სხვა სალაპარაკო თემაც აღარ გვაქვს. 

ადმინისტრაციიდან გვირეკავენ გვთხოვეს სახლში წადით, ნუღარ აგრძელებთ მუშაობას არ გადაიღალოთო, მაგრამ მეორე დღეს მეორე ჯგუფს არ გვინდა დავახვედროთ ძალიან ბევრი საქმე, თან ექიმებიც ელიან პასუხს. ახალ ნიმუშებს ვდგამთ და შემდეგ პარტიას ველოდებით, სადაც იმედი გვაქვს რომ ისევ ცოტა იქნება დადებითი. „გაგვიმართლა“ 440-დან მხოლოდ 20-ია ახალი შემთხვევა.

ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ და ბლინის გამოცხობის პირველი მცდელობა, ეს ჩემი შვილია.

დაძინებამდე ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ და პოსტი მხვდება, რატომ არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ათობით დადებითი და რატომ ვმალავთ შემთხვევებს, ვეღარც ვბრაზდები.

დღეს ჩვენს ჯგუფში ყველაზე პატარა, გვანცა 25 წლის გახდა და ლუგარში 12 საათზე ერთად ჩავაქრეთ ტორტზე სანთელი.“

წაიკითხეთ სრულად