,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„გარკვეული შეზღუდვები ისევ დაგვჭირდება, მათ შორის, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება“ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოს, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწევს მკაცრი შეზღუდვების გამეორება.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა:
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხროვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება. ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ შესაძლოა, სიტუაცია სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ მსოფლიო მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, რომ იქნება მეორე და მესამე ტალღა. ამიტომ ეს მოკლევადიანი შეზღუდვები, მაგალითად, ამა თუ იმ არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ან ფრენების ჩაკეტვა და ა.შ. - ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება და ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ჩვენ გარკვეულწილად წარმატებულები ვართ ამ ეტაპამდე, რომ ვირუსი შევაკავეთ, ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში არ მივიღეთ. ეს მოხდა იმ დროული შემზღუდავი ღონისძიებების და მობილობის შემცირებით, რომელიც ქვეყანამ განახორციელა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.