,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება
შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება, - ამ თემაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„სავსებით ბუნებრივია, რომ ყველას აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ თავიდან დაინფიცირება. საკითხში გასარკვევად ცოტაოდენი ციფრები გავიხსენოთ.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ 19-ის 66 698 498 შემთხვევაა დაფიქსირებული და რეინფიცირების მხოლოდ 15 დადასტურებული შემთხვევაა. ანუ 0.000000224892621%, რაც სტატისტიკურად უკიდურესად უმნიშვნელო მაჩვენებლად ითვლება და შეიძლება უბრალოდ დავივიწყოთ. შედარებისათვის, საფრანგეთის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების მონაცემებით, ზოგადი ნარკოზის დროს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შვიდია მილიონზე... პაციენტებს აცნობენ ამ ციფრს და არ მახსოვს, ჯერ ვინმეს ამის გამო ნარკოზზე უარი ეთქვას.
კოვიდს რაც შეეხება, ძალიან ცოტა სანდო მონაცემია თავად უიშვიათესი ფენომენის გამო. ბოლო პუბლიკაცია ამ საკითხზე 19 ნოემბრით თარიღდება.
ეს კვლევა ეხება ოქსფორდის საუნივერსტეტო საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებსაც სისხლის ანალიზი ჩაუტარდათ და იმუნოლოგიური სტატუსი იქნა შესწავლილი 27 მარტიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში. 1246 თანამშრომელს SARS Cov-2-ის მიმართ ანტისხეულები დაუდგინდა. ეს გადატანილი დაავადების შესახებ მიუთითებდა. დეტალებში რომ არ შევიდეთ, 6 თვის თავზეც ორგანიზმის იმუნური რეაქცია შენარჩუნებული აღმოჩნდა და 6 თვის შემდგომ, არც ერთს არ აღენიშნა ახალი ინფექცია (რეინფექცია), მხოლოდ სამს დაუდგინდა კოვიდ-19-ის დადებითი PCR ტესტი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე.
ეს კვლევა ასკვნის:
კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი შენარჩუნებულია. ამავე პერიოდის განმავლობაში კლინიკურად გამოხატულ რეინფიცირებას ადგილი არ აქვს.
მდგრად იმუნიტეტზეა ასევე საუბარი საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს (HAS) ტექსტში, რომელიც 25 ნოემბრით თარიღდება.
ზუსტი ახსნა ამ ფენომენისა არ არსებობს, ამასთან არცერთ პაციენტს რაიმე იმუნური დეფიციტი არ აღენიშნებოდა.
რაც შეეხება აცრის საჭიროებას ინფექციის გადატანის შემდგომ, ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი სამეცნიერო მონაცემი არ არსებობს და ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია.
რაც მთვარია, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19 ის გადატანის შემდგომ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება მდგრადი იმუნიტეტი და თავიდან დაინფიცირების რისკი პრაქტიკულად 0-ის ტოლია,“ - წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი.