,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა,“ - თერაპევტი ბეჟან ხელიძე
თერაპევტი ბეჟან ხელიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ D-დიმერის ანალიზის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თრომბის განვითარების საფრთხეების შესაფასებლად გამოიყენება:
„პირველ რიგში, რაც შეეხება D-დიმერს, მოკლედ რომ ვთქვათ, D-დიმერი არის თრომბის დაშლის პროდუქტი. D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა. ეს ძირითადად 99%-ში ხდება ღრმა ვენებში, ანუ ფეხებში, რასაც ხელს უწყობს უძრაობა. საქართველოში ისედაც ძალიან დიდი პოპულაციაა, რომელსაც აწუხებს ღრმა ვენების თრომბოზი. ამ ადამიანებს ისედაც აქვთ D-დიმერი მომატებული.“
ბეჟან ხელიძის თქმით, კლინიკაში შეყვანილ ყველა პაციენტს უმოწმდება D-დიმერის მაჩვენებელი, აღნიშნული ანალიზი კი რამდენჯერმე ტარდება გამეორებით:
„კლინიკაში ვინც შემოდის, ყველა პაციენტს უკეთდება D-დიმერი. ეს ანალიზი გარკვეული ინტერვალით მეორდება და ყოველ სამ დღეში ტარდება. თუ ადამიანს აქვს მაღალი D-დიმერი და ღრმა ვენების თრომბოზი, მაშინ ეს გამოწვეულია სწორედ ღრმა ვენების თრომბოზით და არა კორონავირუსით.“
„რაც შეეხება D-დიმერს, თუ რაში ვიყენებთ მას ექიმები, ჩვენ მას ვიყენებთ რისკის შესაფასებლად, რომ შემდეგ სათანადო ანტიკოაგულაციური მკურნალობა დავნიშნოთ. პაციენტისთვის ეს არ უნდა იყოს შემაშინებელი. საქართველოში ნათლად გამოჩნდა, რომ პრობლემას ქმნის ჭარბი წონა. ჭარბ წონას ისედაც თან სდევს უძრაობა, შესაბამისად, ადამიანები ისედაც რისკის ქვეშ არიან, რომ ღრმა ვენების თრომბოზი განვითარდეს და D-დიმერი მაღალი ჰქონდეთ. პრობლემურია არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი. ეს ჯგუფი არის პაციენტების, რომელიც არის საყურადღებო,“ - აღნიშნავს ბეჟან ხელიძე.