კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო.
ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე.
,,საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს'' - ეკატერინე ტიკარაძე
საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობ, რადგან ეს ჯგუფი პრიორიტეტია - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ეს პროცესი რთული რომ იქნებოდა, გათვითცნობიერებული გვქონდა და მზაობა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ როგორც მზაობა, ასევე სანდოობა უფრო გაიზრდება. ჩვენი ექიმებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი წინა ხაზზე იმყოფებიან, პრიორიტეტული ჯგუფია და სწორედ ამიტომ ვცრით მათ პირველ რიგში. ეს არის ზრუნვის კომპონენტი, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ, ეს არის საერთაშორისო მიდგომა ექიმების მიმართ. სწორედ ამიტომ ჩვენს საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ პირველები აიცრან. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.