კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო.
ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე.
ციციშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი ბავშვიდან ორის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა
ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანიდან ორის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა.
„სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქედან ორი მათგანის მდგომარეობაში უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, მართვითი სუნთქვის პარამეტრების კლება მიდის, ინფექციის კონტროლი მიდის, ანუ მათი მდგომარეობა სტაბილური და უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, თუმცა მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ერთი პაციენტის, რომლის ფილტვიც შემოსვლისას მაღალი ქულით იყო დაზიანებული ორივე მხარეს, მდგარეობა კვლამ უმძიმესი რჩება. მაღალი სიხშირის მართვით სუნთქვაზე და ხისტ პარამეტრებზეა. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა ოდნავ გაუარესდა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 19 არასრულწლოვანი მკურნალობს.
„16 პაცინეტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ძირითადად მათ კოვიდ ინფექციის გარდა თანმხლები დაავადებები აქვთ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე.
რამდენიმე კვირაა, მომართვიანობა მომატებულია, თუმცა გუშინ და გუშინწინ განსაკუთრებულად გაზრდილი რაოდენობა არ არის, შეიძლება, 10-12 პაციენტი, ბავშვი შემოვიდეს“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.