პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა.
ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.
როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს 1 მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
აგრეთვე, აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული და მთავრობის ამოცანაა, მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროცესი მართვადია და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს მეორე ტალღას - წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის ბალანსით.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია, მათ შორის, ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავება.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს
დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია! - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
,,ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.
თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.
ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად).
უფრო კონკრეტულად ეს მიზეზები შემდეგია:
1. პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.
2. პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.
3. ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.
4. იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.
მივმართავთ თხოვნით ქვეყნის მოსახლეობას, გაითვალისწინოს ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და COVID-ზე საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად ჩაიტაროს COVID-ზე ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ექიმს და განუხრელად შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.
მივმართავთ სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს განუხრელად ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით და ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.
მივმართავთ COVID კლინიკებს განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე.წ. პულს თერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვ.'' - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.