Baby Bag

covid-19-ზე სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

covid-19-ზე სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების შერჩევითი ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება, - ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ​ავრცელებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია.

ამასთან, მისივე თქმით, კვლევა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა 16%-ს, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება.

„შევთანხმდით მეთოდოლოგიაზე, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. შევთანხმდით რა პროცენტზე უნდა ავიღოთ მონაცემები, ვალიდური რომ იყოს კვლევა. ვფიქრობთ, რომ იმ კვირიდან დავიწყებთ, ორშაბათიდან ან სამშაბათიდან. ტესტირება ყველა სკოლაში ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ორ კვირაში ერთხელ დაახლოებით 16 % -ს გამოვიკვლევთ, ასე შევთანხმდით. თბილისსა და რეგიონებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს მოვიცავთ. სკოლები მიემაგრებიან ლაბორატორიებს. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით 26 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები ხომ არ იმოქმედებს სწავლების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გამყრელიძის თქმით, ტესტირება ტარდება იმისთვის, რომ ცნობილი იყოს მონაცემები, რა მასშტაბითაა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსის ცირკულაცია.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო​“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ვადაზე ადრე ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი გამოვლინდეს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს, როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტირება

„ამ ვადაზე ადრე ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი გამოვლინდეს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს, როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტირება
როდის უნდა ჩატარდეს კოვიდზე ტესტირება? - აღნიშნულ თემაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„თუ კოვიდზე ტესტირების მიზანია, დავადგინოთ, ხომ არ დავინფიცირდით კორონავირუსის მქონესთან კონტაქტით, ტესტირება სასურველია, ჩატარდეს ბოლო კონტაქტიდან არა უადრეს 5-7 დღისა. ამ ვადაზე ადრე ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი გამოვლინდეს. თუ პასუხი დადებითია, ეს, ცხადია, ადასტურებს კოვიდს, მაგრამ თუ პასუხი უარყოფითია, კიდევ რჩება რისკი, რომ ბოლო კონტაქტიდან 12 დღის ჩათვლით გამოვლინდეს ინფექცია. ტესტირება უნდა ჩატარდეს ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევით PCR-ით ან ანტიგენით.

​ზოგჯერ ადამიანები ამ მიზნით ანტისხეულების ტესტს იტარებენ. საქმე ისაა, რომ ანტისხეულების ტესტის გაკეთებას ამჟამად მიმდინარე ინფექციის დასადგენად არა აქვს აზრი იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა PCR ტესტი უარყოფითია და ეჭვი მაინც არსებობს, რომ კოვიდთან გვაქვს საქმე.

​რაც შეეხება ანტისხეულების ტესტის გაკეთების ვადებს - ხშირად ამ ტესტს ადამიანები ნაადრევად იკეთებენ და როდესაც პასუხი უარყოფითია, უკვირთ, რატომ არ აღმოაჩნდათ. ანტისხეულების ტესტის მთავარი ამოცანაა გამოავლინოს გადატანილი ინფექცია. IgM და IgG ანტისხეულები ჩნდება ინფექციის დაწყებიდან 1-3 კვირის განმავლობაში, ანუ შეიძლება პირველივე კვირას გაჩნდეს, მაგრამ ზოგჯერ მათ გამომუშავებას შესაძლოა, 3 კვირაც დაჭირდეს. ამიტომ ანტისხეულების ტესტის გაკეთება სჯობია არ ვიჩქაროთ და შესაძლო ინფიცირების პერიოდიდან 3 კვირა მაინც დავიცადოთ.

​თუმცა ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს კოვიდის გადატანის მიუხედავად შეიძლება, ანტისხეულები საერთოდ არ გამოუმუშავდეს და იმუნური პასუხი სხვა მექანიზმით განუვითარდეს. ამიტომ ანტისხეულების არარსებობა ბოლომდე ვერ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა.

​ასევე ხშირად გვეკითხებიან, სიმპტომების დაწყებიდან როდის სჯობია PCR ტესტის ჩატარება. სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღეს PCR ტესტი შეიძლება ცრუ უარყოფითი იყოს. ტესტით ვირუსის გამოვლენის შანსი მნიშვნელოვნად მატულობს სიმპტომების დაწყებიდან მესამე დღეს.

​არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ისე გადაიტანს ვირუსს, რომ სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს შემთხვევით ტესტირების დროს უვლინდებათ PCR დადებითი. ხშირად ვირუსის კონცენტრაცია ასეთ დროს დაბალია და მაგალითად, მეორე ან მესამე დღეს გადამოწმების შემთხვევაში, ვირუსი აღარ ვლინდება ხოლმე. ასეთ დროს ადამიანები ედავებიან ლაბორატორიას, სადაც დადებითი შედეგი გასცეს. სინამდვილეში კი, შეიძლება ვირუსი უბრალოდ უკვე გაუქრათ და ლაბორატორია, სადაც დადებითი პასუხი გაიცა, სრულიად მართალია.

​მოკლედ, მაგალითად, C ჰეპატიტის PCR ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან სწორხაზოვანია და თუ ადამიანი ინფიცირებულია, ცალსახად იძლევა დადებით შედეგს, კოვიდის შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს გამოკვლევის ვადებს და გამოკვლევის შედეგი მთლიანად დამოკიდებული იყოს ტესტირების დროის სწორ შერჩევაზე“, - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

წაიკითხეთ სრულად