Baby Bag

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა - აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  

,,პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად