Baby Bag

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა - აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  

,,პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ხდება ბავშვის ძილის რუტინის დარღვევა, გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები,“ - პედიატრი თამარ ობგაიძე

„როდესაც ხდება ბავშვის ძილის რუტინის დარღვევა, გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები,“ - პედიატრი თამარ ობგაიძე

პედიატრმა თამარ ობგაიძემ ბავშვის ძილის რეჟიმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის იძინებს ბავშვი:

„ადრეული ასაკის ბავშვების ძირითადი ნაწილი დროის დიდ ნაწილს ატარებს ძილში და იღვიძებს მხოლოდ კვებისთვის. რაც უფრო ასაკი მატულობს, მით უფრო მცირდება ძილის ეს პერიოდი. წინა სასკოლო პერიოდში დაახლოებით 14 საათი შეიძლება ეძინოს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ვიძინებთ, როდესაც ბავშვს ეხება საქმე, მით უფრო მნიშვნელოვანი. ძილის ჰორმონი გამომუშავდება საღამოს ცხრა საათიდან პირველ საათამდე შუალედში. სწორედ ამ ჰორმონის ხარჯზე ხდება სრულყოფილი ჩაძინება. 9-დან 12 საათამდე ჩაძინება ჯანმრთელი ძილის გარანტიაა.“

თამარ ობგაიძის თქმით, ძილის რუტინის დარღვევა ბავშვებში საკმაოდ მძიმე მოვლენებს იწვევს:

​თუ სტუმრიანობა ხშირია, ხმაურია, ხდება ძილის რუტინის დარღვევა და გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები. პირველ რიგში, ეს არის ქცევის დარღვევები. დადგენილია, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც სისტემატურად აქვთ ძილის გადაცდენები და რეჟიმიდან ამოვარდნა, აქვთ მომატებული აგრესიულობა, ქცევის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, აქვთ ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი.“

„8-9 წლის ასაკამდე ბუებად და ტოროლებად დაყოფა ძილის მხრივ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, განსხვავებული ტემპერამენტი არსებობს, მაგრამ რომ განვაზოგადოთ ასე არ არის. ​ბავშვზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ბუ და მოდი, არაუშავს, დაიძინოს ღამის სამ საათზე. არა! გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთა ასაკში ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ამ დაყოფას ჩვენ არ ვეთანხმებით,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ობგაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად