Baby Bag

​კრიტიკული ესეები კაპიტალიზმის შესახებ

​კრიტიკული ესეები კაპიტალიზმის შესახებ

წინამდებარე ესეების კრებული კაპიტალიზმზე კრიტიკულ რეფლექსიას ასახავს. მასში მოცემული ტექსტების ავტორები პოლიტიკურ, კულტურულსა და სოციალურ განზომილებაში კაპიტალიზმის მამოძრავებელი ლოგიკის ამოცნობასა და მისი თანმდევი მანკიერი გავლენების მოხელთებას ცდილობენ. ამასთანავე, კრებულის შექმნის იდეა თეორიულსა და პრაქტიკულ მიზნებს აერთიანებს: უახლოეს წარსულში ქართულ ენაზე დაწერილი არცთუ ბევრი ბეჭდური ტექსტი გვახსენდება, რომელიც კაპიტალიზმს რამდენამდე კრიტიკულად გააშუქებდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კრებულში დაბეჭდილი ტექსტების ავტორები ახალგაზრდა მკვლევრები არიან, რომლებიც აკადემიური სივრცის სხვადასხვა სფეროებში სწავლობენ და მოღვაწეობენ.

ავტორები გვევლინებიან ფილოსოფიის, კინომცოდნეობისა და რელიგიის კვლევების დისციპლინებიდან, რაც ვფიქრობთ, კრებულს დამატებით მომხიბვლელობას სძენს და მკითხველიც მეტი ინტერესით აღივსება, როდესაც კაპიტალიზმის ინტერდისციპლინურ კრიტიკას გაეცნობა. მაგალითად, ტექსტში ვხვდებით კაპიტალიზმთან დაკავშირებულ კინოკრიტიკას, ასევე მის კავშირს კულტურასთან, რელიგიურ პრაქტიკებსა თუ კონკრეტულ სოციალურ მოვლენებთან. მკითხველი კრებულში იხილავს კულტურის სხვადასხვა საკითხებსა თუ კონცეპტზე ფილოსოფიურ რეფლექსიებს.

ამავდროულად, ტექსტი არ ივიწყებს კრიტიკული პერსპექტივის საფუძველმდებარე თეზისს, რომ ყოველი თეორიული მოხაზულობის მამოძრავებელი მიზანი თეორიიდან პრაქტიკაში გარდამავალი პროცესი უნდა იყოს. შესაბამისად, გარდა კაპიტალიზმის ყოვლისმომცველი ბუნების მხილებისა, - ბუნებისა, რომელიც ყოფიერების ყველა ფორმაში შეღწევას მიელტვის და სურს, სამომხმარებლო ეთოსს დაუქვემდებაროს სულიერი თუ უსულო ფორმები, - ამავდროულად, ხსენებულის მხილება მის გარდაქმნასა და მისგან საპირისპირო პოლიტიკური მზაობის სურვილსაც გამოთქვამს“. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.
წაიკითხეთ სრულად