Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

Worldmeters-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით,​ დღემდე მსოფლიოში 244 427 410 კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. 4 963 752 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 221 451 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

წყარო: ​Hindustantimes

წაიკითხეთ სრულად