Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ

მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული, სკოლებს ადრე დაწყებული დასვენების დღეების აღდგენა მოუწევთ
კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ნაადრევად დაიწყო. არდადაგების თარიღის შეცვლის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ​ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.
„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2 მარტიდან 16 მარტამდე,“ - წერია ბრძანებაში.
დოკუმენტში არ არის აღნიშნული, რომ სკოლებს 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდის ანაზღაურება მოუწევთ (2 მარტიდან 16 მარტამდე პერიოდი არდადეგებადაა გამოცხადებული). თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში Momsedu.ge-ს განუმარტეს, სკოლებმა დაუგეგმავი არდადეგები უნდა აღადგინონ:
„სკოლებს ადრე დაწყებული არდადეგების გამო გაცდენილი საათების ანაზღაურება მოუწევთ, საუბარია 4 დღეზე (3 მარტი ისედაც ოფიციალური დასვენებაა). სკოლები თავად გადაწყვეტენ, რომელ პერიოდში აღადგენენ ამ დღეებს - შაბათობით, თუ სასწავლო პროცესის დასრულების (15 ივნისის) შემდეგ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
წაიკითხეთ სრულად