Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას ვერ ახერხებთ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას ვერ ახერხებთ?
0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ პორტალზე http://daxmareba.moh.go​v.ge/.

დახმარება გაიცემა, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცახადის შევსების საფუძველზე.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე. დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობებს;
  • „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
  • მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.


იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება ბავშვის დაბადების მოწმობის ატვირთვა.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილების ატვირთვა.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

წაიკითხეთ სრულად