Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა.

„ცვლილება შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე. მათ უფლება ეძლევათ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.

გარდა ამისა, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და დაგროვებული 15 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შეივსონ.

სქემაში შესული ცვლილებები უფროს მასწავლებლებსაც შეეხება. კერძოდ, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მათ მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით). 2020 წლის 31 დეკემბრამდე გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში - 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად