Baby Bag

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''

,,ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით''
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც. განათლების სისტემის რეფორმის კონტექსტში, ახალი სკოლის მოდელის განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, ყველა სკოლას ჰქონდეს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც თავის საქმიანობას განახორცილელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს სკოლის სამედიცინოპერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს, მათ შორის, სკოლის ექიმის ტრენინგებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ გვაქვს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვირუსი შეკავებულია.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე. რამ მიგვიყვანა აქამდე ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა. ეს არის მთავარი შედეგი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად