Baby Bag

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვები და შეზღუდვები აღარ იქნება“ - გიორგი გახარია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი მკაცრი ჩაკეტვები და შეზღუდვები აღარ იქნება“ - გიორგი გახარია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც ყველგან, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. დღეს ჩვენ ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე, მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა სწორედ იმიტომ იყო მიღებული, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ათობით მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ დრო უნდა მოგვეგო,“ - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.

„ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში - ვირუსის რისკების მართვა, ვირუსის დროში გავრცელების მართვა, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება. ვიდრე გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვებით რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები არ იგეგმება: 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ყველა საერთაშორისო შეფასებით, საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს, 40 წლის ასაკში თუ მკითხავთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე, გეტყვით, რომ ეს არის - სიყვარული...“

„დღეს, 40 წლის ასაკში თუ მკითხავთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე, გეტყვით, რომ ეს არის - სიყვარული...“

„მე დღეს 40 წლის გავხდი.


14,400 დღეა მზის ამოსვლას ვუყურებ, მერე ღამდება, ხან წვიმს, თოვს, მოღრუბლულია, თუმცა აღქმა რომ ეს ყველაფერი გარდა ყოველდღიურობისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემში 35 წლის შემდეგ დაიწყო. ნაოჭების თვლასთან ერთად აღვიქვი წლები და გავაცნობიერე, რომ 40 წელი არც ცოტაა და არც ბევრი იმისათვის, რომ განვლილ გზას გადახედო და შეაფასო კიდევ.


არც გრძელია და არც მოკლე, იმისათვის, რომ ბევრი რამ გადააფასო და რაღაცეების თავიდან დაწყება მოინდომო.


40 წელი შეიძლება იყოს ცხოვრების ნახევარი, ან ნახევარზე ნაკლები, თუმცა, მთავარი ეს არის, მთავარია ამ ყველაფერზე დაფიქრდე….


მე დავფიქრდი. შინაგანმა ხმამ და გარემო ფაქტორებმაც ბევრი რამ მიკარნახა და დამანახა. მივხვდი, რომ სურვილის შემთხვევაში არაფერია შუძლებელი და შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო და დღეს, ამ ასაკში ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი გადაწყვეტილების შედეგით თავდაჯერებული და რაც მთავარია,
ვარ ბედნიერი!


დღეს, 40 წლის ასაკში თუ მკითხავთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაზე გეტყვით რომ ეს არის - სიყვარული.


სიყვარული ადამიანების, საკუთარი თავის, ქვეყნის, და ყველაფრის, რაც თავად შექმენი.


მე დღეს 40 წლის გავხდი და თავი უნდა დავანებოთ ასაკზე ფიქრს და მითუმეტეს დარდს, ბოლომდე აღვიქვათ ყველაფერი რაც ამ წლებმა დაგვიგროვა, მოგვიტანა, გვასწავლა, უნდა აღვიქვათ და შევირგოთ.
უნდა შევირგოთ ყველა ემოცია რაც განგვიცდია, ყველა მოგონება რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, შევირგოთ ყველაფერი რაც გვქონია და გვაქვს და არაფერზე ვთქვათ უარი რაც ძალიან გვინდა.


დრო არ ჩერდება, დრო მიდის და ხვალ უფრო დიდები ვიქნებით ვიდრე დღეს ვართ და ხვალ, ჩვენი განვლილი გზის მეხსიერების ბარათზე შემონახული ამბები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს უნდა გვაწვდიდეს… მხოლოდ უნდა გვეღიმებოდეს… და 40 წლის შემდეგაც უნდა გვიყვარდეს.


ყველას ვინც საერთოდ დაიბადეთ ამ ქვეყანაში, ულამაზეს და უმაგრეს, პატარა მაგრამ ჯადოსნურ საქართველოში გილოცავთ დაბადების დღეს. ვინც სხვაგან დაიბადეთ თქვენც და გისურვებთ ბედნიერებას, თავისუფლებას და სიყვარულს.“


აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ოფიციაურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

წაიკითხეთ სრულად