Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო,  - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცია 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

წაიკითხეთ სრულად