Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„განათლების რეფორმის ფარგლებში, დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე“- ირინა აბულაძე

„განათლების რეფორმის ფარგლებში, დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე“- ირინა აბულაძე

განათლების რეფორმის ფარგლებში, დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ მთლიანობაში განვითარებული მოქალაქე გვყავდეს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც მან განმარტა, დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. 

„ცხადია, ამაში არ იგულისხმება ის, რომ რომელიმე დისციპლინას ნაკლები მნიშვნელობა ექნება ან აღარ გახდება საჭირო კონკრეტული თეორიული ცოდნის მიცემა. ცხადია, ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში დევს და ჩვენთვის პრიორიტეტულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება. ვფიქრობთ, რომ სწორედ ესენია ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგები, თუმცა, ანალოგიური ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და იმ დარგებს, სადაც შესაძლოა ეკონომიკური ამონაგები არ არის მაღალი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ნაწილში. დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია მივცეთ მოსწავლეს თეორიული ცოდნა და მეორე - მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან, რეალურ ცხოვრებასთან. განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება სწორედ საგნობრივ კავშირებზე, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს განვითარებული მოქალაქე მთლიანობაში. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთია ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

წაიკითხეთ სრულად