Baby Bag

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა

,,გამოკვლეული მასწავლებლებიდან 7-ს კორონავირუსი დაუდგინდა'' - აღნიშნულის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

როგორც მან ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ:

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი ოდნავ მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდა და ისინი საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას დაექვემდებარნენ. 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, ისევ და ისევ გთხოვთ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში აჭარაში იყვნენ, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, - დაძინა ამირან გამყრელიძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

​კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია

​კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია,  - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ​უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად).

გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. ამ მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა - „Covid-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის. აღნიშნული კონტიგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტები ადგენენ იმ სტუდენტთა სიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.

ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.

კურსის ვიდეომასალა განთავსებულია ​ბმულზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტორიზებული უნივერსტიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელი სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები.

წაიკითხეთ სრულად