„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
,,რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის...'' - ბერიკა შუკაკიძე
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდა გადაუვადდათ და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები.
რატომ მოხდა გამოცდების შემოდგომამდე გადავადება? - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
,,გამოცდები შემოდგომაზე იმიტომ გადავადაა, რომ კიდევ მეტი დრო ჰქონდეთ გამოცდისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. მოგეხსენებათ, როგორი რთული და გაურკვეველი პერიოდი გაიარეს მასწავლებლებმა პანდემიის პირობებში. გადავავადეთ, რადგან რეფორმა მასწავლებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს წინსვლისთვის, არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო იმით, რომ მომზადება ვერ მოასწრო და ა. შ. აქედან გამომდინარე, ახლა მათ მეტი დრო ექნებათ იმისთვის, რომ უკეთესად შეძლონ კომპეტენციის დადასტურება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას ვერც შემოდგომაზე ჩააბარებენ, 2020-21 სასწავლო წელს მაინც არაფერი ემუქრებათ – სასწავლო წელს ჩვეულებრივ დაასრულებენ. შემდეგი სასწავლო წლიდან კი, სკოლა მათ ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს.
აქვე გეტყვით, რომ იმ მასწავლებლებზეც ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,'' - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.