„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ გვაქვს.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვირუსი შეკავებულია.
„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე. რამ მიგვიყვანა აქამდე ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა. ეს არის მთავარი შედეგი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.