Baby Bag

კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება

,,კორონავირუსზე ​შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმაც მუშავდება და მალე განხორციელებაც დაიწყება:

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. ამიტომ, რადგან სწავლის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო 2-3 კვირა ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში და ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, არ გამოცხადდნენ 2 კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. ასევე, პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ 112-ს. იგეგმება შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწ​ავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„უკვე არის ლაპარაკი, რომ უსიმპტომო პაციენტებში შვიდ დღემდე შემცირდება იზოლაციის ვადა,“ - მაია ბუწაშვილი

„უკვე არის ლაპარაკი, რომ უსიმპტომო პაციენტებში შვიდ დღემდე შემცირდება იზოლაციის ვადა,“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა იმ გართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც კოვიდ-19-ს ახლავს თან. მისი თქმით, მსგავსი გართულებები უმეტესად ინფიცირებიდან ხუთი-ექვსი დღის შემდეგ იწყება:

„დაავადების დაწყებიდან ხუთი-ექვსი დღის შემდეგ, როდესაც უკვე ვირუსი მიილევა, სხვა მექანიზმი ირთვება, რის გამოც ​ამ ვადაზე საკმაოდ ხშირია გართულებები. დამძიმება და გართულება ვირუსის აქტივობის გამო კი არ არის, იმუნიტეტი ცდილობს ვირუსს შეებრძოლოს. ის გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლითაც იწყება საკუთარი ორგანოების დაზიანება. ეს მექანიზმი ირთვება და სწორედ ამ ვადაზე არის გართულებები, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. გამოსავალია მჭიდრო მონიტორინგი. არ უნდა დავიმშვიდოთ გული, რომ გავიდა ერთი კვირა და კარგად ვართ.“

მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ დაავადება ახალ თვისებებს ავლენს, რაც საყურადღებოა:

​ამ ვირუსს მუტაციები ნაკლებად ახასიათებს. ახალი თემები მაინც იკვეთება. ბავშვებში გამოიკვეთა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, არის ცალკეული შემთხვევები. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან საყურადღებოა. ექიმები მეტს სწავლობენ და მედიცინამ მეტი ამოიცნო დაავადების შესახებ. პრევენციის მიზნით რეკომენდაციები არ იცვლება. ჯადოსნური ტრიადა ისევ უცვლელია, ხელების დაბანა, პირბადე და დისტანცია.“

​მაია ბუწაშვილის თქმით, მოსალოდნელია, რომ იზოლაციის ვადებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს:

„დღეის მდგომარეობით უსიმპტომო პაციენტებში დიაგნოზის დასმიდან 10 დღეში თავისუფლდება ადამიანი იზოლაციიდან. უკვე არის ლაპარაკი, რომ შვიდ დღემდე შემცირდება ეს ვადა. სიმპტომურ პაციენტებში, მსუბუქ და საშუალო შემთხვევებში 10 დღე უნდა იყოს გასული დიაგნოსტირებიდან, მაგრამ სიმტპომების დასრულებიდან სამი დღე უნდა იყოს გასული. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს სამი დღე უკვე ერთ დღემდე შეამცირა. ალბათ, ჩვენთანაც შეიცვლება. მძიმე პაციენტებში ოც დღემდეა ეს ვადა გახანგრძლივებული.“

„ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ თუ ტემპერატურა მაღალი აქვთ, ისინი მძიმე პაციენტები არიან. ​შეიძლება ძალიან მაღალი ტემპერატურა იყოს და მაინც მსუბუქად კვალიფიცირდეს პაციენტი. სიმძიმის შეფასება სხვა კრიტერიუმებით ხდება. აქ საუბარია ჰოსპიტალიზებულ მძიმე პაციენტებზე. მათ 20 დღე აქვთ იზოლაცია და სამი დღე სიმპტომების გასვლის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად