Baby Bag

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა, ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა, რომელმაც კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საკუთარი უფლებები.

„მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რომელსაც ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი.

წყარო: ​i​medinews.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

რელიგიური მშობლები ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელ შვილებს ზრდიან - უახლესი კვლევები

რელიგიური მშობლები ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელ შვილებს ზრდიან - უახლესი კვლევები

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ რელიგიური მშობლების შვილები განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოირჩევიან. „ამერიკული ეპიდემიოლოგიის ჟურნალში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან საეკლესიო მსახურებას ან დამოუკიდებლად ლოცულობენ, დეპრესიისგან არ იტანჯებიან.

მკვლევარები 5000-მდე ადამიანს აკვირდებოდნენ. მათ იმ ბავშვების ჯანმრთელობა აინტერესებდათ, რომლებიც მშობლებთან ერთად რელიგიურ მსახურებაზე რეგულარულად დადიოდნენ. კვლევა ხანგრძლივად მიმდინარეობდა. მეცნიერები ინტერესდებოდნენ, როგორ ადამიანებად ყალიბდებოდნენ რელიგიურ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ოცი წლის ასაკში. რვიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვებს მკვლევარები რეგულარულად აკვირდებოდნენ.

კვლევებით დადგინდა, რომ ის ბავშვები და თინეიჯერები, რომლებიც რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მაინც ესწრებოდნენ, ბევრად უფრო ბედნიერები იყვნენ ოცი წლის ასაკში, ვიდრე მათი არარელიგიური თანატოლები. რელიგიური მშობლების აღზრდილი შვილები 30 %-ით მეტად ერთვებოდნენ ქველმოქმედებაში და 33 %-ით ნაკლებად იყვნენ მიდრეკილები ნარკოტიკების მოხმარებისკენ.

კვლევის შედეგებზე მხოლოდ რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის სიხშირე არ ახდენდა გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დამოუკიდებლად ლოცვის კულტურაც. ის ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად ლოცულობდნენ, ბევრად ბედნიერად გრძნობდნენ თავს თანატოლებთან შედარებით. მათ ემოციების გაანალიზება უმარტივდებოდათ და სხვებისადმი მიმტევებლობითაც გამოირჩეოდნენ.

კვლევებით ასევე დგინდება, რომ რელიგიური მშობლების აღზრდილი შვილები სექსუალურ ცხოვრებას ადრეულ ასაკში არ იწყებენ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან მეტად დაცულები არიან.

„კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და აღმზრდელობითი პრაქტიკების მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად. ბევრი ბავშვი რელიგიურ ოჯახში იზრდება, რაც მათ ჯანმრთელობაზე, ქცევასა და განწყობაზე ძალიან დადებითად აისახება,“ - ნათქვამია მკვლევართა განცხადებაში.

რელიგიურ ცხოვრებასა და ბედნიერების ხარისხს შორის დადებით კორელაციას ადრეული კვლევებიც ადასტურებდნენ. ცნობილია, რომ მორწმუნე ადამიანებს სტრესთან გამკლავება უადვილდებათ. ლოცვის დროს ისინი ზედმეტი შფოთვისგან თავისუფლდებიან.

მკვლევარები ადამიანებს ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ ლოცვას. მეცნიერების აზრით, ადამიანის ცხოვრებაში ლოცვასა და რელიგიურ რიტუალებს იმაზე დიდი როლი აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მომზადებულია ​forbes.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად