სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები - 1-ლი ოქტომბრიდან, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, 1-ლი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან,“ - წერს გიორგი გახარია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.
„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.