Baby Bag

მთავრობის დადგენილება 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ

მთავრობის დადგენილება 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 ​დადგენილებაში ცვლილებები ​შევიდა​. 

გაეცანით 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დაფინანსების წყაროსა და დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;

ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) ზრუნვის სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

ე) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ვ) სერვისების განვითარების სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

ზ) ბავშვი − 18 წლამდე ასაკის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

3. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.

4. სოციალური დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთ ბავშვზე 200 ლარს.

მუხლი 3. სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა.

2. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 15 აგვისტოდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე.

3. ბავშვის ელექტრონულ პორტალზე დასარეგისტრირებლად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი პორტალზე ავსებს ელექტრონულ განცხადებას.

4. ელექტრონული განაცხადი მოიცავს:

ა) ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობას;

ბ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ შევსების შემთხვევაში დამატებით ატვირთული უნდა იქნეს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელზე (გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;

დ) საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც მოხდება სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

5. ელექტრონულ პორტალზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად შეყვანითა და ელექტრონულ პორტალზე არსებული შესაბამისი ველების მონიშვნით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ასრულებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას.

6. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს და უფლებას აძლევს სააგენტოს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო მისი და ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ასევე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას.

7. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავება მოიცავს:

ა) რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის, ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ბავშვს შორის ურთიერთკავშირი, მოქალაქეობრივი სტატუსი, ბინადრობის სტატუსი, გარდაცვალება) შედარებას სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან;

ბ) ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა) ფაქტის შედარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან, რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის;

გ) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების სისწორის (მათ შორის, საბანკო ანგარიშის კუთვნილება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლთან, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) შედარებას.

8. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით ზრუნვის სააგენტო ვალდებულია:

ა) სააგენტოს მიაწოდოს სია (რეესტრი), ბავშვების პირადი მონაცემებით;

ბ) საბანკო ანგარიშის ნომრები;

გ) აქტიურად ითანამშრომლოს სააგენტოსთან სოციალური დახმარების გაცემისათვის, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.

9. სოციალური დახმარება გაიცემა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულებისა და მონაცემთა დამუშავების შემდგომ, პორტალზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.

10. სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. სოციალური დახმარება გაიცემა მიუხედავად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისა (მათ შორის, ბავშვის გარდაცვალება).

მუხლი 4. სხვა პირობები

1. ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალური დახმარების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემის შემდგომ დადგინდა, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულების მომენტში ბავშვი არ განეკუთვნებოდა სოციალური დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სხვა შემთხვევაში გაცემული სოციალური დახმარება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3. სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4. ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

იხილეთ დადგენილება ​სრულად.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცო​დნე დედების ჯგუფი“)

200-ლარიანი დახმარების მისაღებად სარეგისტრაციო პორტალი გაიხსნა
​0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ - ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს, ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ - ჯანმოს რეკომენდაცია

ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს, ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ - ჯანმოს რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს კორონა-ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე:

ზოგადი მოსახლეობისთვის

COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.
ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს “კორონავირუსის შემთხვევებს”, “მსხვერპლებს”, “კორონავირუსიან ოჯახებს” ან “ავადმყოფებს”. ისინი არიან “ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, “ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმო-ს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.


თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.
ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.
აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია

დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ გარემოსთან. იზოლაციაშიც კი, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.


სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.
თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებ გვერდზე, და თავი აარიდეთ მოსმენას ჭორებისა, რაც დისკომფორტს იწვევს.

წაიკითხეთ სრულად