ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 ათას ქულამდე კატეგორიაში, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
პრემიერის განცხადებით, ჯამში ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.
,,ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ''
,,ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება... ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა:
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია, პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. რაც შეეხება პირბადეების ტარებაზე რაიმე ტიპის შემსუბუქებას, ჯერჯერობით ამ ვითარებაში პირბადეების სავალდებულო ტარების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ. გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ ყველაფერზე თუ საჭიროდ მიიჩნევა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.