ქალიშვილები მძინარე მიხეილ ხაჩატურიანს თავს ჩაქუჩითა და სანადირო დანით დაესხნენ. ერთ-ერთი დის ავდოკატის განცხადებით, მკვლელობის ჩადენამდე გოგონებმა სხეულზე დაზიანებები თავადაც მიიყენეს, რათა ეთქვათ, რომ თავდაპირველად მათი მოკვლა მამამ სცადა, რის შემდეგაც თავის დაცვა გადაწყვიტეს. მამის მოკვლის შემდეგ გოგონებმა პოლიციაში დარეკეს და დახმარება ითხოვეს.
მკვლელობის ჩადენიდან მეორე დღეს გოგონები დააპატიმრეს. მაშინვე გაჟღერდა, რომ ისინი წლების განმავლობაში განიცდიდნენ მამის მხრიდან სექსუალურ, ფიზიკურ და ემოციურ ზეწოლას. გასულ ზაფხულს დებს ბრალი წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის წარუდგინეს, რითაც სასამართლომ სრულად უგულებელყო მათ მიმართ წლების მანძილზე განხორციელებული სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.
გოგონების მხარდასაჭერად მასობრივი საპროტესტო აქციები დაიგეგმა. ხალხი მათი ბრალის გადაკვალიფიცირებას და დების ძალადობის მსხვერპლებად აღიარებას მოითხოვდა. უფროსი დები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს სრულწოვნები იყვნენ, სასამართლოს წინაშე ერთად წარსდგებიან, ხოლო უმცროსი, რომელიც მამის მკვლელობის დღეს არასწრულწოვანი იყო, განსხვავებული წესით გასამართლდება.
ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მემარჯვენე ჯგუფები აცხადებენ, რომ გოგონებს კანონი და სასამართლო ვერ იცავს. ისინი მოძალადე მამის ხელში სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. დებს თავის დაცვა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეეძლოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის სასჯელი ოცწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო შეტყობინებები, რომლებსაც მამა ქალიშვილებს ხშირად უგზავნიდა. ის გოგონებს მოკვლით და გაუპატიურებით ემუქრებოდა:
„ყველაფრის გამო გცემთ, მოგკლავთ. თქვენ მეძავები ხართ და მეძავებივით მოკვდებით.“
ერთ-ერთი დის ადვოკატის თქმით, გოგონებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ:
„ვფიქრობ, ისინი სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. მამამ ისინი სასოწარკვეთაში ჩააგდო, მთელი მათი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო. მათ ვერ შევადარებთ ჯანმრთელ, სტაბილურ და მშვიდ ადამიანებს. მათ ფსიქიკური პრობლემები აქვთ, პოსტ-ტრავმული აშლილობით იტანჯებიან. საქმის გამოძიების პროცესში ეს არაერთხელ აღინიშნა.“
გასული ზაფხულის შემდეგ არაერთი აქცია გაიმართა, რომელთა მონაწილეები ყოველდღიურად აჟღერებდნენ სლოგანს: „მე არ მსურდა, მოვმკვდარიყავი.“ ისინი დების გათავისუფლებას და შეწყალებას მოითხოვდნენ. 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ქალების 47, ხოლო მამაკაცების 33 %-ს გოგონების ქცევა კანონიერად მიაჩნდა.
2017 წელს რუსეთში ტრადიციონალისტი ძალების ზეგავლენით კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ოჯახური ძალადობის მსუბუქი შემთხვევების დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანონის მიხედვით, თუ ოჯახში ძალადობა პირველად ვლინდება და მსხვერპლი სერიოზულ დაზიანებებს არ იღებს, მოძალადე არ ისჯება.
მაისში პროკურორმა გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ დები წინასწარგანზრახული ჯგუფური მკვლელობისთვის გასამართლდებოდნენ. მას განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რამ გამოიწვია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.
დების ადვოკატები აცხადებენ, რომ გოგონები სახელმწიფო პოლიტიკის მსხვერპლად იქცნენ. ისინი თვლიან, რომ რუსეთში უდანაშაულო ადამიანების დაკავება უკვე ნორმად იქცა, გამონაკლისს ამ შემთხვევაში არც დები ხაჩატურიანები წარმოადგენენ.
მომზადებულია edition.cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები