Baby Bag

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

დაჯარიმდებიან თუ არა პირბადის წესის დარღვევის გამო მოსწავლეები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

„რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ყველამ უნდა გაითავისოს ეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია''

,,მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია''
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა. 

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.

როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს 1 მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

აგრეთვე, აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული და მთავრობის ამოცანაა, მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროცესი მართვადია და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს მეორე ტალღას - წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის ბალანსით.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია, მათ შორის, ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავება.


წაიკითხეთ სრულად