Baby Bag

როგორი ზაფხული გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

როგორი ზაფხული გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2020 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

დეტალური ინფორმაცია ზაფხულის სეზონის შესახებ იხილეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

წაიკითხეთ სრულად