პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
„ბავშვების ცხოვრებაში მარტო სწავლა არ არის, სწავლა ცხოვრების ერთი პატარა ნაწილია, ბავშვს მარტო სწავლით ნუ შევზღუდავთ,“ - შალვა ამონაშვილი
პედაგოგი შალვა ამონაშვილი „იმედის დღეში“ თანამედროვე ბავშვებთან მოძველებული პედაგოგიური მიდგომების გამოყენების არაეფექტიანობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავტორიტარული პედაგოგიკა თანამედროვე მოსწავლეებს ვერ გაუძლებს:
„ბავშვები ჰიპერაქტიურები კი არ არიან, მასწავლებლები არიან ჰიპერპასიურები. ბავშვი ახალია და პედაგოგიკა ძველია. რა ხდება ამ დროს? ბავშვი დაიშლება. არც მოსმენა უნდა, არც მასწავლებელი უყვარს. ეს ხდება ყველა კლასში. ავტორიტარული პედაგოგიკა ვერ გაუძლებს ამ ბავშვებს. უნდა შეიცვალოს მასწავლებლის ცნობიერება. ჩვენს სამინისტროს უნდა, რომ რეფორმები მოახდინოს, ხომ? სკოლაში არანაირი რეფორმა არ მოხდება, გინდა ათასი სახელმძღვანელო და პროგრამა შეცვალე, რეფორმა მასწავლების თავში უნდა მოხდეს. თუ მასწავლებლის თავში გარდასახვა არ მოხდა, გინდ კარგი წიგნი მიეცი და გინდ ცუდი.“
შალვა ამონაშვილი აცხადებს, რომ მასწავლებელი მისი საქმიანობის შემოქმედებითობაში უნდა დავარწმუნოთ:
„მასწავლებელს უნდა შთავაგონოთ, რომ ის შემოქმედებითი არსებაა, პედაგოგიკა ხელოვნებაა. არც კი იცი, ბავშვი რას იზამს და შენ რითი უნდა უპასუხო. თუ მასწავლებელს ინსტრუქციები მივეცით და ის შეზღუდული იქნება, ბავშვი ინსტრუქციაში ვერ ჩაეტევა. მასწავლებელს უნდა მივცეთ კლასიკური იდეები, გოგებაშვილი, კორჩაკის იდეა ჩავუნერგოთ და არა რაღაც შტამპური ფსიქოლოგია და შტამპური გაგება გაკვეთილების. თუ მასწავლებელი ამას გაიგებს, ბევრი მათგანი, რა თქმა უნდა, აქეთკენ გადმოიხრება.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვების ცხოვრება მხოლოდ სწავლისგან არ შედგება, რის გამოც მშობელმა მისი ყოველდღიურობა სწვალით არ უნდა შემოფარგლოს:
„ბავშვების ცხოვრებაში მარტო სწავლა არ არის, სწავლა ცხოვრების ერთი პატარა ნაწილია. თავად ცხოვრება ძალიან მდიდარი გარემოა. ბავშვს მარტო სწავლით ნუ შევზღუდავთ. მე მინდა მივმართო ქართველ მშობლებს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, რომ გითხრათ ბავშვი გიყვარდეთ-მეთქი, ეს ცოტაა. მშობლებს ბავშვი უნდა უყვარდეთ ნაზად, ბავშვის სიყვარულს ცოდნა უნდა. არ შეიძლება ყვირილით გიყვარდეს ბავშვი, დასჯით გიყვარდეს, მუქარით გიყვარდეს. საჩუქრებითაც არ შეიძლება ბავშვი გიყვარდეს. საჩუქრით მოსყიდვას ბავშვი მიჰყავს გარეთ, ჩვენ კი არ გვიახლოვებს. ბავშვი ნდობით, ალერსით თუ გიყვარს, იმედით თუ გიყვარს, თუ გიყვარს ბავშვი იმით, რომ დროს ნახულობ მასთან სათამაშოდ, ახერხებ მასთან ერთად იყო სადმე, ეს სიყვარული სხვანაირი სიყვარული იქნება.“
„ჩვენ საჩუქრებში ვახრჩობთ ბავშვს, სათამაშოებში, ნებივრობებში და გვგონია, რომ ამოვწურეთ ჩვენი სიყვარული. თუ განსხვავებულად გვეყვარება, ბავშვი ჩვენი სულის ნაწილი გახდება, ახლა ხორცის ნაწილია. როდესაც დედა ეტყვის: „შვილო, შენი ჭირიმე, ერთად რამე გავაკეთოთ, გავისეირნოთ, მამას დავეხმაროთ,“ ბავშვი დედის სიტყვას დაიჯერებს და დაჯდება. ამ დროს აკადემიური მოსწრებაც უკეთესი იქნება. მოტივი უჩნდება ბავშვს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ხალისით ვაკეთებთ, თუ მოგვწონს. თუ მოტივი იძულებითია, მაშინ ხარისხიანი არ გამოდის. ბავშვიც ასეა, როდესაც უყვარს მასწავლებელი, დაჯდება და გააკეთებს სიყვარულით,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.