პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა.
მისივე თქმით, ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა:
„არ იყო ეს მარტივი და არ არის ეს იდეალური, მაგრამ თუ შევადარებთ მზადობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი - გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო ამისთვის არის ძალიან კარგი მაგალითი, რადგან განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი დღეს თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ შეიძლება, პროექტი აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა:
„მაიკროსოფტის“ გარდა, შეიქმნა სპეციალური ქართული პლატფორმა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი „ტელესკოლა“, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა, რომელიც ასე პოპულარულია. რა თქმა უნდა, „ტელესკოლის“ ეფექტურობა შეიძლება, კლასიკური, აკადემიურ საგანმანათლებლო ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ პანდემიის პირობებში, ბრძოლაში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. ის მინიმუმი, რომელიც იყო საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთად შეძლეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის პრობლემაზე და განაცხადა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს:
„აქ გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ქვეყნის ინტრენტეტიზაციის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დაგვიანებული იყოს, ინტერნეტიზაციის ნაწილში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გატარებულ ზომებზე ისაუბრა.
„თანამედროვე ახალგაზრდას შეუძლია ორი კი არა ხუთი რაღაც ისწავლოს,“ - ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავამ აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, სამომავლო პროფესიის არჩევაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელი და აბიტურიენტი პროფესიის არჩევისას განსხვავებული პრიორიტეტებით ხელმძღვანელობენ:
„მშობელი და შვილი რომ ცდილობენ ერთად პროფესიის არჩევას, ორ რამეს ირჩევენ: ირჩევა შავი დღის ამბები და საუკეთესო სცენარი. ბავშვი ყოველთვის ფიქრობს საუკეთესო სცენარზე, იმას შავი დღე არ ჰქონია. მშობელს არ უნდა, რომ შვილს დღესვე ჩაუკლას პერსპექტივა, თან უსამსახურობასა და გასაჭირზე ეფიქრება. ჩვენ მშობელს და ბავშვს ვეუბნებით, რომ ორი რამ უნდა ავირჩიოთ. ვირჩევთ, რას გააკეთებთ, შავი დღე თუ დადგა. ამას დავარქვათ გეგმა „ბ.“ აღმოჩნდება, რომ აბიტურიენტმაც კარგად იცის, ეს გეგმა რას ნიშნავს და ამბობს, რომ ისიც თანახმაა.“
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ყველაზე ცუდია, როდესაც მშობელი და შვილი რაღაც საშუალოზე თანხმდებიან და ამ შეთანხმებით ორივე უკმაყოფილოა:
„ყველაზე ცუდი წარმოიდგინეთ, რომ მშობელი და შვილი შეთანხმდნენ რაღაც საშუალოზე, რომელიც არც მშობელს აღარ მოსწონს და არც შვილს. როგორც კი ჩვენ ვითანხმებთ ამ ხალხს, რომ შავი დღის პროფესია სკივრში ჩადონ, ამის მერე ძალიან კარგად მიდის პროცესი. დასაქმება არის გეგმა „ბ.“ ცალკე ვარჩევთ ორივე გეგმას და ვამბობთ, რომ თუ დაგვჭირდა გეგმა „ბ,“ მე ვიმუშავებ აი, აქ. ეს გეგმა ადამიანს აქვთ და ავსახავთ უმაღლეს განათლებაში, სად ისწავლის და ა.შ.“
„თანამედროვე ახალგაზრდას შეუძლია ორი კი არა ხუთი რაღაც ისწავლოს. სხვანაირი თავი აქვთ, სხვანაირი გული აქვთ. დღევანდელი აბიტურიენტებისთვის ხუთი წელი არის ის, რაც ჩემი თაობისთვის იქნებოდა 15 წელი. ხომ გინახავთ, როდესაც მეცადინეობენ, თან შვიდ რამეს აკეთებენ. რანაირად გინდა, რომ ეს ადამიანი დასვა და ექვსი თვე ერთი საქმე აკეთებინო?! ამით გააზარმაცებ და ჩაკლავ ინიციატივას. ამათი ცხოვრება ასეთი უნდა იყოს, რომ შვიდას რამეს სწავლობდნენ ერთად,“ - აღნიშნულ საკითხებზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.